ახალი ამბები

SJC მთავრობას მოუწოდებს, რაჭის პროტესტის მონაწილეებს სამინისტროსთან კარვის გაშლაში ხელი არ შეუშალოს

17 ნოემბერი, 2023 •
SJC მთავრობას მოუწოდებს, რაჭის პროტესტის მონაწილეებს სამინისტროსთან კარვის გაშლაში ხელი არ შეუშალოს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) მთავრობას მოუწოდებს, რაჭის ტყეების კერძო პირისთვის გადაცემის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეებს კარვების გაშლაში ხელი არ შეუშალოს.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეები ხვალ, 18 ნოემბერს ამბროლაურიდან თბილისში მსვლელობით მოდიან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კარვის გაშლას აპირებენ.

“შეკრების თავისუფლება მოიცავს შეკრების ფორმის არჩევის თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, მოიცავს შეკრების ადგილზე დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის, კარვების განთავსების თავისუფლებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოქალაქეთა პროტესტში ჩარევის რისკებს “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილებებით ხსნის. მართალია, კანონი ძალაში არ შესულა, რადგან მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები, როცა პოლიცია მოქალაქეებს კანონპროექტის ინიცირებამდეც უშლიდა ხელს საპროტესტო კარვების გაშლაში. მათ შორის, კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს რაჭის პროტესტის მონაწილეებს 19 ოქტომბერს, ონის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, სოციალური სამართლიანიბის ცენტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწოდებს, გააუქმოს რაჭის ტყეების ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული სპეციალური ლიცენზია. ორგანიზაციის შეფასებით, ლიცენზია “არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას”.

ორგანიზაციის სამინისტროსადმი მოწოდება ეხება რაჭაში, ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობასა და მასში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას.

ამავე თემაზე:


ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობა და მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” რაჭის ტყეების განკარგვას 27 სექტემბრიდან უწყვეტად აპროტესტებენ. მათი უკმაყოფილების მთავარი საფუძველი მოსახლეობისთვის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებაა.

სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებით, ლიცენზია, ბოლოს გაცემული 15-მდე მსგავს ლიცენზიას შორის, ვალდებულებებით ყველაზე მეტად არის დატვირთული – ფინანსურად მეტ ინვესტიციას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პოტენციალის მეტ განვითარებას, ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველების გამრავლებას და სხვა პირობებს გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი