ახალი ამბები

პოლიციამ ონში მომიტინგეებს მეორე კარვის გაშლის უფლება არ მისცა

19 ოქტომბერი, 2023 • 1279
პოლიციამ ონში მომიტინგეებს მეორე კარვის გაშლის უფლება არ მისცა

ონში გრძელდება პროტესტი ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყეების განკარგვის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

მერიის პიკეტირებისას პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს ჯერ კარვის გასაშლელი კონსტრუქცია წაართვა. მოგვიანებით კი, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, მერიის თანამშრომლები უკანა კარიდან გაიპარნენ, რომელიც აქამდე არ იღებოდა.

“თუ ასე ძალიან გინდათ, იძრომიალეთ დაჟანგებული ფანჯრებიდან და ვნახავთ, რამდენ ხანს ივლით ასე. ხვალ, დილის 9 საათიდან ამ კარიდან ვეღარავინ შევა მერიაში. მოგმართავთ ყველას, კრიტიკული მომენტია და შემოგვიერთდით, რაჭველები და არარაჭველები. პროტესტი უწყვეტად გაგრძელდება, სანამ სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული მოთხოვნები”, – ავრცელებს მიმართვას ვარლამ გოლეთიანი.

19 ოქტომბერს, 14:00 საათზე საკრებულოში დაგეგმილ შეხვედრაზე პროტესტის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან  შეხვედრის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების უფლება არ მისცეს. შეხვედრა ჩაიშალა და გაგრძელდა ჯერ ონში შემომავალი ხიდის გადაკეტვით, მერე კი, ონის მერიის პიკეტირებით.

ონში პროტესტის მონაწილეებისა და ხელისუფლების შეხვედრა ჩაიშალა

პროტესტის მონაწილეების რაოდენობა იზრდება. მერიის პიკეტირებისას მათ პოლიციასთან მორიგი შეხლა-შემოხლა ჰქონდათ. ახალი კარვის გაშლისას, პოლიციამ მისი გადატანა მერიის შენობიდან 20 მეტრის მოშორებით მოითხოვა, მერე კი პროტესტის მონაწილეებს კარვის ასაგები კონსტრუქცია წაართვა.

ვარლამ გოლეთიანი და რაჭის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი ეთო არსანიძე ეჭვს გამოთქვამენ, რომ პროტესტს “პროვოკატორები” არიან შერეული, რომლებიც პერიოდულად სიტუაციის არევას ცდილობენ. მაგალითად, ავრცელებენ ხმებს, რომ ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული ლიცენზია უკვე გაუქმებულია, უპირისპირდებიან დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობენ პროტესტის მონაწილეებს შორის.

ონის მერიასთან რჩება ძველი კარავი, სადაც პროტესტის მონაწილეები 27 სექტემბრიდან ათევენ ღამეს. პროტესტი 20 ოქტომბერს დილის 9 საათიდან განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი