ახალი ამბები

“მომავალი არჩევნები ერთპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია” — ზურაბიშვილი

12 ნოემბერი, 2023 • 1284
“მომავალი არჩევნები ერთპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია” — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის არის შანსი ერთპარტიული მმართველობის სისტემიდან გადავიდეს ისეთ სისტემაზე, “რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას”. ამის შესახებ მან RFI-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც დღეს, 12 ნოემბერს გამოქვეყნდა.

“საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს.

მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში”, — განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის სტატუსი, რასთან დაკავშირებითაც საქართველო საბოლოო პასუხს დეკემბერში ელოდება, მოსახლეობას საარჩევნო მობილიზაციის მოტივაციას მისცემს ნაცვლად ემიგრაციაში წასვლისა.

“ახლა იმედი დაბრუნდა, ჩვენ მოვემზადებით და საჭიროა, რომ ევროპამ ახლოდან ადევნოს თვალყური დამკვირვებლებით, განსაკუთრებული ყურადღებით და ჩართულობით, მათ შორის ეკონომიკური, რადგან ყველამ იგრძნოს, რომ არ ვართ მარტო ამ საარჩევნო წელს და მე ვამჩნევ და მსიამოვნებს, რომ ამ ბოლო დღეებსა და კვირებში, ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში ხელისუფლების, მთავრობის ენა შეიცვალა, იმედი მაქვს ეს”, — თქვა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი