მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 1987 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა და გენიტალიების დემონსტრირებას ახდენდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.
პოპოვს 15-დღიანი საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ გააძევებენ ქვეყნიდან და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალება.
მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. თუმცა, ვინაიდან სხდომაზე ადვოკატი არ ჰყოლია, უცნობია, ისარგებლებს თუ არა ალექსანდრე პოპოვი ამ უფლებით.
რუსეთის მოქალაქემ ჩადენილი აღიარა. მას საქართველოში ბინა აქვს ნაყიდი და ითხოვდა, მისი რემონტის დასრულებისა და საქართველოში ცხოვრების უფლება მიეცათ. ის ორი მუხლით ცნეს სამართალდამრღვევად.
- 166-ე მუხლის პირველი ნაწილი — წვრილმანი ხულიგნობა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა იმგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ სიმშვიდეს- ითვალისწინებს 300-დან 5000 ლარამდე ჯარიმას, ან 20 დღემდე პატიმრობა, უცხოელის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.
- 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი — სექსუალური შევიწროება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასასურველი ხასიათის სექსუალური ქცევა, რაც იწვევს ღირსების შელახვას ან ამას ისახავს მიზნად, ქმნის დამაშინებელ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გარემოს, ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
„ვწუხვარ, რაც ჩავიდინე და, რა თქმა უნდა, მსგავსი რამ არასდროს განმეორდება“, — თქვა სასამართლოში რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვმა.
პოპოვმა თავისი ქმედების ახსნაც სცადა: სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან, რომლის ორსული ცოლიც საპირფარეშოში დიდხანს იმყოფებოდა. იყო ნასვამი, სურდა საპირფარეშოში შესვლა და რადგან ის დაკავებული იყო, პრობლემა ამგვარად გადაწყვიტა. როცა შემდეგ დაინახა, რომ ქვემოთ იყვნენ ადამიანები, გადაწყვიტა ბოდიშის მოსახდელად ჩასვლა, მაგრამ პოლიცია უკვე გამოძახებული იყო.
პოლიცია მოქალაქე თეონა გოლოძემ გამოიძახა. როგორც განგვიმარტა, ცივილიზებული გზებით გასამკლავებლად სიტუაციასთან და ისეთი კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, რასაც კახეთში ჰქონდა ადგილი, როცა ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის სუფრის მონაწილეებს ზემოთა ნომრიდან გარკვეული სითხე გადმოასხეს და სიტუაცია კრიტიკულად დაიძაბა.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, სანამ სათათბიროდ გავიდოდა, პოპოვს განუმარტა:
„ნასვამ მდგომარეობაში სამართალდარღვევის ჩადენა არ არის გამამართლებელი რამ, მაგრამ რომ ინანიებთ, ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა. თქვენი ახსნა რამდენად შეიძლება გამოდგეს იმის ასახსნელად, რომ ეს გამოუვალ მდგომარეობაში ჩადენილი ქმედება იყო, ამას მისცემს სასამართლო შეფასებას. ბევრი სხვა გამოსავალიც შეიძლებოდა გეპოვათ, ვიდრე ის, რასაც გედავებიან. ნორმალურ საზოგადოებაში ეს ქცევა მაგ მიზეზით ვერ აიხსნება!“
