„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ საემიროების წამყვან დეველოპერულ კომპანია „ONE Development“-თან საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აბუ-დაბიში გაიმართა, სადაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ LIVEX-ის ფორუმის სტრატეგიული პარტნიორის, ONE Development-ის ოფიციალური მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

LIVEX 2026 აბუ-დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში (ADNEC) 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ურბანული გარემოსა და ინვესტიციებისადმი მიძღვნილი, სადებიუტო გამოფენა აბუ-დაბის მუნიციპალიტეტებისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აბუ-დაბის პრინცისა და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მისი უმაღლესობა შეიხ ხალედ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის პატრონაჟით იმართება. ოფიციალური მონაცემებით, ღონისძიება 50-ზე მეტი ქვეყნიდან 20,000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, მათ შორის 1,500-ზე მეტ ინვესტორსა და 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს.

გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, One Development, ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე $200 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს.

„ONE Development“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული ბუტიკური ტიპის დეველოპერული კომპანიაა, რომლის ოფისები და შოურუმები აბუ-დაბისა და დუბაიშია წარმოდგენილი. კომპანია ცნობილია ინოვაციური ტექნოლოგიებითა და თანამედროვე ცხოვრების სტილით შთაგონებული პროექტებით. მათ შორის გამოირჩევა ფლაგმანური საცხოვრებელი კომპლექსი Laguna Residence დუბაიში (City of Arabia), რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 2 მილიარდ დირჰამს (AED) შეადგენს. აღნიშნული პროექტი რეგიონში პირველ, ხელოვნური ინტელექტით სრულად ინტეგრირებულ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს და მასშტაბურ ლაგუნას, ორ ცათამბჯენს, 40-ზე მეტ გასართობ, გამაჯანსაღებელ თუ სოციალურ სივრცეს მოიცავს.

კომპანია აქტიურად ვითარდება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაშიც. ცნობილ მომღერალ ამრ დიაბთან თანამშრომლობით, კომპანიამ უკვე შექმნა ბუტიკ-სასტუმროების ბრენდები ONE/AD და DO Boutique Hotels.

„ბათუმი განვითარების სრულიად ახალ, ამაღელვებელ ეტაპზე გადადის, „ამბასადორი აილენდი“ კი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ ამგვარი მნიშვნელობის მქონე, ახალი მიზიდულობის ცენტრის ფორმირებაში. აღნიშნული პარტნიორობით, ONE Development სიამაყით უერთდება პროექტს საკუთარი ხედვითა და გამოცდილებით — გამორჩეულ პროექტს, რომელიც რეგიონის ამბიციურ პერსპექტივას ნათლად ასახავს. მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, შევქმნათ ისეთი გრძელვადიანი ღირებულება, რომელიც თაობებს დარჩება და ხანგრძლივ სარგებელს მოუტანს ქალაქსა და მის მცხოვრებლებს“, – განაცხადა ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა.

„საერთაშორისო პარტნიორობები იმ მოდელის ფუნდამენტური ნაწილია, რომელსაც ამბასადორის კუნძულზე ვნერგავთ. ჩვენ ვქმნით პროექტს, რომელიც იზიდავს ძლიერ გლობალურ აქტორებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წამყვან გლობალურ კომპანიებთან პარტნიორობა და პატივია ONE Development-ის მასპინძლობა, რომელთან პარტნიორობითაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტში ერთობლივად გრძელვადიან ღირებულებას შევქმნით კუნძულზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ინტეგრირებული პირველი კომპლექსი აშენდება. ONE Development-თან გაფორმებული შეთანხმება სწორედ ამ ფაქტის ნათელი დადასტურებაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მზარდ საერთაშორისო ნდობას პროექტის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ“. – აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი საერთაშორისო დეველოპერებისა და ინვესტორების მოსაზიდ მძლავრ საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს, რასაც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ინტეგრირებული საინვესტიციო პაკეტები და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ბაზარზე არსებული ეფექტური, გამჭვირვალე და დაცული საინვესტიციო გარანტიები უზრუნველყოფს.

შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია Arup, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.