ახალი ამბები

მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს ღაზაში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა

11 ნოემბერი, 2023 • 2089
მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს ღაზაში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

BBC-ისთან ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა სამოქალაქოების დაბომბვას „არავითარი გამართლება“ არ აქვს.

მაგრამ მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი „მკაფიოდ გმობს“ ჰამასის ტერორისტულ ქმედებებს.

„დე ფაქტო დღეს მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება — დე ფაქტო. ეს ჩვილები, ეს ქალები, მოხუცები დაბომბეს და მოკლეს. ამის არანაირი საფუძველი და ლეგიტიმაცია არ არსებობს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს შეწყვიტოს“, — განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ ის არ არის მოსამართლე, თუმცა შეახსენებს ყველას საერთაშორისო სამართალს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა მაკრონის განცხადებას და თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს „ჰამასი“ და არა — ისრაელი.

„დანაშაულები, რომლებსაც ჰამასი ჩადის დღეს ღაზაში, ხვალ ჩადენილი იქნება პარიზში, ნიუ-იორკში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, — ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს – მოკლა და მძევლად აიყვანა სამოქალაქო პირები, ისრაელი საპასუხოდ ღაზის სექტორს ბომბავს, ორი კვირის კი დაიწყო სახმელეთო ოპერაციებიც. „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შედეგად დაიღუპა 11 078 ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონმა დატოვა საცხოვრებელი.

ისრაელი აცხადებს, რომ ის თავს ესხმის სამხედრო ობიექტებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და იღებს ზომებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად, როგორიცაა გაფრთხილების გაცემა დარტყმების წინ და მოუწოდებს ხალხს ევაკუაციისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი