ახალი ამბები

დოთიაშვილს გამოკითხავენ გინტურის მკვლელობის მოწმის სტატუსით — სუს-ის მაღალჩინოსანი

9 ნოემბერი, 2023 •
დოთიაშვილს გამოკითხავენ გინტურის მკვლელობის მოწმის სტატუსით — სუს-ის მაღალჩინოსანი

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ქართული მხარე ლევან დოთიაშვილს მოწმის სტატუსით გამოკითხავს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ დოთიაშვილის გათავისუფლების შემდეგ ისაუბრა.

ლევან დოთიაშვილი თან ახლდა მოკლულ თამაზ გინტურს ლომისის ტაძართან. გინტურის მკვლელობის შემდეგ ის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში გადაიყვანეს და დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს გაათავისუფლეს.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, გინტურის მკვლელობის საქმის გამოძიების ნაწილში ქართული მახრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ რა ჩვენებას მისცემს ლევან დოთიაშვილი:

“ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი და მას გამოკითხავენ მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ, მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. შინაგან საქმეთა სამინსიტრო აწარმოებს გამოძიებას და ამ საკითხებზე განცხადებები გაკეთდება მოგვიანებით…

იმისთვის, რომ მკვლელობის ყველა დეტალს მოეფინოს ნათელი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ჩვენებებს, რომელსაც მკვლელობის საქმის მოწმე მისცემს”, — განაცხადა ანთაძემ ჟურნალისტებთან.

სუს-ის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ლევან დოთიაშვილს სახეზე დაზიანებები აღენიშნება და თქვა, რომ დოთიაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მან ეს დაზიანებები უკანონო დაკავებისას მიიღო:

“არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და, როგორც განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს…

როგორც თავად განაცხადა, ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია”, — თქვა ანთაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი