ახალი ამბები

ღარიბაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო მადლობას აშშ-საც უხდის

8 ნოემბერი, 2023 •
ღარიბაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო მადლობას აშშ-საც უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო მადლობას აშშ-საც უხდის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ამ კუთხით ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანის როლს და პირადად მადლობას გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ერთი თვის წინ მქონდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან გარდამტეხი და გადამწყვეტი შეხვედრები, შეიძლება ასე ითქვას. მინდა გამოვყო შეხვედრა ბატონ სალივანთან და მინდა პირადად მას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბატონი სალივანის და ამერიკის მთავრობის სურვილი და მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელთანაც მქონდა საკმაოდ შინაარსიანი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შეხვედრა ესპანეთში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ევრკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, დღეს „სიმართლემ გაიმარჯვა“.


ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე.

„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი