ახალი ამბები

დღეს გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ- ღარიბაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

8 ნოემბერი, 2023 • 1052
დღეს გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ- ღარიბაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის შეფასებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს „სიმართლემ გაიმარჯვა“.

მისი თქმით, დღეს ევრკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, ასევე, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის.

„რა თქმა უნდა, ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მე მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა: საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ, მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად, მკაფიოდ დადებითი და პოზიტიური. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, დღეს „სიმართლემ გაიმარჯვა“. მისი თქმით, საქართველომ „დამსახურებული სტატუსი მიიღო, ისეთი, როგორსაც იმსახურებს ძლიერი და ამაყი ქართველი ხალხი“.

„ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აქვე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებების, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ და კიდევ ერთხელ, მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი „ქართული ოცნების“ 11-წლიანი საქმიანობისა.

„შეიძლება ასე ითქვას, ევროპეიზაციის 10 წელი, შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ მშვიდობიან 10 წლიან პერიოდს, ვინაიდან, თუ ვინმე, რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა რაიმე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ქართული ოცნება. ეს არის ასოცირების შეთანხმება, შეგახსენებთ, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელიც შარშან მივიღეთ და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი, რომელიც დეკემბერში საბოლოოდ, მე მჯერა, გაფორმდება. ეს არის მოკლედ შეჯამება ჩვენი მუშაობის, ჩვენი მმართველობის. ქვეყანამ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ბოლო 11 წელიწადში მიაღწია უპრეცენდენტო მშვიდობას, სტაბილურობას, მიუხედავად არნახული გამოწვევებისა და გართულებული უსაფრთხოების გარემოსი ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე.

„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი