ახალი ამბები

კანჯი-ოღლის მიმართ სამართალი რომ აღსრულებულიყო, ასეთი ტრაგედიები არ გაგრძელდებოდა – ოთხოზორიას დედა

7 ნოემბერი, 2023 •
კანჯი-ოღლის მიმართ სამართალი რომ აღსრულებულიყო, ასეთი ტრაგედიები არ გაგრძელდებოდა – ოთხოზორიას დედა

გიგა ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, თავის დროზე მისი შვილის მკვლელი სათანადოდ რომ დასჯილიყო, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების „ასე თავისუფლად“ მოკვლა ვერ მოხდებოდა.

ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ იმ დროს განაცხადა, როცა რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრობდა.

„ვერაგი მტრის მიერ მუხანათურად იქნა კიდევ ერთი ოჯახი გაუბედურებული, ძალიან მიჭირს ლაპარაკი, ძალიან განვიცდი ამ სიტუაციას. ისეთი ახლობელია ეს ტკივილი ჩემთვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ თითქოს ეს ტრაგედია ჩემს სახლში და ჩემს ოჯახში ტრიალებს.

გარკვეული ღონისძიებები რომ გატარებულიო კანჯი-ოღლის დასაკავებლად და აღსრულებულიყო სამართალი და ის გამოტანილი წლები გაეტარებინა ციხეში, რა თქმა უნდა, ასე თავისუფლად ასეთი ტრაგედიები არ გაგრძელდებოდა. ჩემი შვილის მკვლელობის შემდეგ იყო არჩილი [ტატუნაშვილი], იყო კვარაცხელია და იყო უამრავი ადამიანი, რომელთა სიცოცხლის მოსპობა რუსი დამპყრობლებისთვის ჩალის ფასად არის შეფასებული“, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.


გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, აფხაზმა „მესაზღვრემ” რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში მოხდა.

ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები უკვე 7 წელია, რაც არ დასჯილან.

ქართულმა მხარემ რაშიდ კანჯი-ოღლის დაუსწრებლად მიუსაჯა 14-წლიანი პატიმრობა და იგი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.

რაშიდ კანჯი-ოღლი დე ფაქტო აფხაზეთში არ დასჯილა. მას 2017 წელს აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ იმავე წელს დე ფაქტო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის გამოძიება და სამართლებრივი დევნა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი ვიდეოჩანაწერზეა აღბეჭდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი