კომენტარი

„ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით“ – გიგა ოთხოზორიას დედა

19 მაისი, 2023 • 1984
„ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით“ – გიგა ოთხოზორიას დედა

„ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა“, — განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ სანქციების მოხსნის შემდეგ რუსეთიდან პირველი ფრენის საკითხზე.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებისადაც ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ, მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ სამართალს ვერ ვხედავ. ახლა კი მგონია, რომ კიდევ უფრო გაჭირდება მისი პოვნა და მიღწევა. ახლა ამ იმედის ნაპერწკალი გამიქრა“, — განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოლოდინი აქვს მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

გიგა ოთხოზორიას დედის კომენტარს რადიო ათინათი ავრცელებს.

„დღეს ჩემს შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით. დღეს რომ პირველად ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, რომელსაც, სავარაუდოდ, დელეგაცია ჩამოჰყვება, რომელსაც, ალბათ, ჩვენები დახვდებიან. რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა. საერთოდ თუ კი დადებითად ჩათვლის ვინმე ამ მოვლენას, მაგათ მგონია, რომ უხერხული მომენტი უნდა ჰქონდეთ“, — განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, აფხაზმა „მესაზღვრემ” რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში მოხდა.

ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები უკვე 7 წელია, რაც არ დასჯილან.

ქართულმა მხარემ რაშიდ კანჯი ოღლის დაუსწრებლად მიუსაჯა 14-წლიანი პატიმრობა და იგი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.

კანჯი ოღლი დე ფაქტო აფხაზეთში არ დასჯილა. მას 2017 წელს აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ იმავე წელს დე ფაქტო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის გამოძიება და სამართლებრივი დევნა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი ვიდეოჩანაწერზეა აღბეჭდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი