ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ოთხოზორიას მკვლელები დაისაჯონ – ღარიბაშვილი

19 მაისი, 2021 • 1753
ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ოთხოზორიას მკვლელები დაისაჯონ – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.

“ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ”, – ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ დღეს, 19 მაისს გავრცელებულ პოსტში.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, აფხაზმა “მესაზღვრემ” რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

შემთხვევა სოფელ ხურჩაში მოხდა.

ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები უკვე 5 წელია, რაც არ დასჯილან.

ქართულმა მხარემ რაშიდ კანჯი ოღლის დაუსწრებლად მიუსაჯა 14-წლიანი პატიმრობა და იგი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.

კანჯი ოღლი დე ფაქტო აფხაზეთში არ დასჯილა. მას 2017 წელს აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ იმავე წელს დე ფაქტო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის გამოძიება და სამართლებრივი დევნა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი ვიდეოჩანაწერზეა აღბეჭდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი