ახალი ამბები

პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და ეს ეხება დამალულ ივანიშვილს — გახარია

19 მაისი, 2023 • 2736
პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და ეს ეხება დამალულ ივანიშვილს — გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სანქციების მოხსნის შემდეგ მოსკოვიდან პირველი რეისის შესრულებას ეხმაურება.

გახარიას თქმით, ქვეყნის ვექტორის შეცვლის მცდელობისთვის პასუხისმგებლობას ვერავინ დაემალება.

„დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლას ეცდება და პასუხისმგებლობას დაემალება, ცდება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და ეს ეხება ყველას და უპირველეს ყოვლისა დამალულ ივანიშვილს, რომელიც თავისი მარიონეტებით ამ პროცესს მართავს“, — აცხადებს გახარია.

რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს. ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და „რედ ვინგზმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

სანქციების მოხსნის შემდეგ პირველი რეისი მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 19 მაისს, ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განახორციელა.

დღესვე, 19 მაისს 7 წელი შესრულდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. გიგა ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, „ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს“ და გასაკვირია რუსების ზარ-ზეიმით დახვედრა.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, აფხაზმა „მესაზღვრემ” რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში მოხდა.

ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები უკვე 7 წელია, რაც არ დასჯილან.

ქართულმა მხარემ რაშიდ კანჯი ოღლის დაუსწრებლად მიუსაჯა 14-წლიანი პატიმრობა და იგი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მთავრობამ შეიმუშავა ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია. მაშინ ოპოზიციის კრიტიკის საგანი იყო, რომ სიაში არ ყოფილან შეყვანილი რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები. გახარიამ განაცხადა, რომ
„ეს სია არის ცოცხალი პროცესი“ და მოვლენების განვითარების მიხევდით შესაძლოა ვინმე დაემატოს ან გამოაკლდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი