ახალი ამბები

„ზრდა არ არის, შესაბამისობაში მოყვანაა — პაპუაშვილი დეპუტატის ხელფასის 78%-ით ზრდაზე

6 ნოემბერი, 2023 • 1006
„ზრდა არ არის,  შესაბამისობაში მოყვანაა — პაპუაშვილი დეპუტატის ხელფასის 78%-ით ზრდაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასის 8-10 000 ლარამდე ზრდა არა ხელფასის მატება, არამედ 2017 წელს დაწესებულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანაა:

პაპუაშვილის თქმით, დეპუტატის ხელფასი 10 წელია, არ შეცვლილა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის აპარატის დაახლოებით 50 თანამშრომელს დეპუტატის ხელფასზე მაღალი ანაზღაურება აქვს:

„ეს არ არის ხელფასის ზრდა, ეს არის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომელიც 2017 წელს დადგინდა და მაშინ პარლამენტმა არ მოახდინა პარლამენტის წევრების ანაზღაურების ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. მათ შორის, პარლამენტის აპარატში ეს მოხდა. ამიტომაც არის, რომ დღეს პარლამენტის აპარატის, თუ არ ვცდები, 50 თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრ დეპუტატს. ამიტომ ეს დისპროპორცია არსებობდა. მათ შორის ასეთი რეაქციებისგან თავის არიდების გამო წინა პარლამენტები თავს იკავებდნენ ამ შესაბამისობაში მოყვანისგან.

მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პირადად ვარ ამის ინიციატორი. მნიშვნელოვანია, როდესაც ხალხის რჩეულებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ანაზღაურება იყოს შესაბამისი კანონმდებლობასთან“, — აცხადებს შალვა პაპუაშვილი. ის დასძენს, რომ ხელფასები მომავალ პარლამენტარებს გაეზრდებათ და არა — მოქმედებს.

2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრებს ხელფასები (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) იქნება:

  • პარლამენტის თავმჯდომარეს 6 740 ლარიდან 10 000 ლარამდე გაეზრდება;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს 6 400 ლარიდან 9 500 ლარამდე გაეზრდება;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს 6 340 ლარიდან 9 250 ლარამდე გაეზრდება;
  • კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს 5 540 ლარიდან 9 000 ლარამდე გაეზრდება;
  • კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს 4 800 ლარიდან 8 750 ლარამდე გაეზრდება;
  • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს 4 740 ლარიდან 8 500 ლარამდე გაეზრდება;
  • პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, 4 624 ლარიდან  8 250 ლარამდე გაეზრდება.

პაპუაშვილის თქმით, ცვლილებების მიზანია მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების გასამრჯელოს საჯარო სამსახურში 2017 წელს დადგენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მისი თქმით, საჯარო სამსახურში ხელფასების მატების ფონზე პარლამენტის წევრების გასამრჯელოს ადეკვატურად გაზრდის საკითხი უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში დგას.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, პარლამენტის წევრების ფაქტობრივი ანაზღაურება 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა, რის გამოც საჯარო სექტორში დასაქმებულებთან, მათ შორის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან შედარებით, პარლამენტის წევრის ანაზღაურება არაპროპორციულად დაბალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი