ახალი ამბები

დოლიძე ადასტურებს, რომ სააკაშვილმა მელიას ენმ-ში ბორდის თავმჯდომარეობა შესთავაზა

6 ნოემბერი, 2023 • 4921
დოლიძე ადასტურებს, რომ სააკაშვილმა მელიას ენმ-ში ბორდის თავმჯდომარეობა შესთავაზა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ერთ-ერთი თანამოაზრე, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება მათ დღის წესრიგს ვერ შეცვლის. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა.

სააკაშვილმა გუშინ, 5 ნოემბერს, განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ნიკა მელიას შესაძლებლობასა და დამსახურებაზე მაღალი წარმოდგენისაა. სააკაშვილის თქმით, მისი განცხადება მათ საყურადღებოდაა, ვინც მისი წინა გამოსვლა გაიგო, როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. წინა გამოსვლაში სააკაშვილმა ენმ-ში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან, ვინც პარტიას შიგნიდან ლანძღავს, სჯობს, ორგანიზაცია დატოვოს და საკუთარი პოლიტიკური ძალა გააკეთოს.

ბაჩო დოლიძის თქმით, შეგნებულად არ ისაუბრებს იმის შესახებ, თუ ვის მიმართა სააკაშვილმა ბოლო განცხადებით. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სახელითა და განცხადებებით სპეკულირება ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეების სტილი არ არის.

„შეგნებულად არ მინდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან მაშინ იგივე უნდა ვაკეთო [რასაც სხვები აკეთებენ] და გამოვიყენო მისი კომენტარები. ზოგადად, არიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სახელით და გვარით სპეკულირებენ და საკუთარ თავს ყველაზე მზრუნველ ადამიანებად წარმოაჩენენ. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში მისი სახელის გამოყენება ვიწრო, კერძო ინტერესებისთვის ხდება. ეს არის მთავარი სხვაობა [ჩვენ შორის]. მიხეილ სააკაშვილთან პოლემიკაში არ შევდივართ, რადგან ადამიანი ციხეშია. თუმცა, ის, რომ განსხვავებული აზრი შეიძლება გქონდეს, ეს მიმაჩნია ნორმალურად და ტრაგიკულად არ უნდა მივიღოთ. ჩვენს მეგობრებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ რაღაც საკითხებში შეიძლება მიშას არ დავეთანხმოთ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ამასთან, ბაჩო დოლიძე ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბორდის ანუ ერთგვარი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობა შესთავაზა.

დოლიძის თქმით, მელიას სურდა, რომ თუ ბორდი შეიქმნებოდა, ის რეალური უფლებამოსილებებით ყოფილიყო აღჭურვილი. თუმცა, მისი თქმით, ბორდის შექმნის იდეა ფასადური აღმოჩნდა, რადგან პარტიის მენეჯმენტისთვის მელიას ინიციატივა მიუღებელი იყო.

„ფასადისთვის უნდოდათ, რომ შეეყვანათ ადამიანები და ბორდი დარქმეოდა. პარტიის შიგნით გვქონდა ჩვენ საუბარი, რომ ბორდი უნდა ყოფილიყო აღჭურვილი პარტიის სრული უფლებამოსილებით, სადაც მხოლოდ ჩვენ კი არა, ყველა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ეს ინიციატივა არ იყო ატაცებული ჩვენი მეგობრების მხრიდან. მათთვის მიუღებელი იყო ეს ყველაფერი.

მხოლოდ ერთხელ გქვონდა საჯაროდ საუბარი იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება, რომ დემოკრატია დავაბრუნოთ პარტიაში, მაგრამ თუ კონფიგურაცია არ იცვლება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ბორდს დაარქმევ თუ არა. უფუნქციო უწყება, რომელიც იგივე მმართველობაში უნდა იყოს შექმნილი, საერთოდ არ ცვლის რეზულტატს. იაფფასიანი რევანშიზმი არასოდეს გვამოძრავებდა. პარტია გვინდა იმისათვის, რომ ცვლილებები განვახორციელოთ ქვეყანაში და ამას როგორ იზამ, თუ ალტერნატივა ვერ აჩვენე. მერაბიშვილით ალტერნატივას როგორ აჩვენებ, ვინ გეტყვის, რომ ივანიშვილი გავუშვათ და მერაბიშვილი მოვიყვანოთო“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი