ახალი ამბები

„სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ“ — სააკაშვილი ენმ-ის კრიტიკოსებზე

3 ნოემბერი, 2023 • 1767
„სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ“ — სააკაშვილი ენმ-ის კრიტიკოსებზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ, 3 ნოემბრის სასამართლო პროცესზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, ის არის ერთიანობის მომხრე ყოველთვის და ყველაფერში.

„მტერს შევურიგდები, თუ საქართველოს ინტერესი იქნება, მაგრამ მინდა გითხრათ — თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია.

მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გარეთ გადით, კი ბატონო, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, „პატარ-პატარა ნაკადულები“ საბოლოოდ მაინც „ერთ მდინარეში შეერწყმება“.

სააკაშვილის თქმით, თავად რჩება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუმცა აბსოლუტურად გახსნილია ყველას მიმართ, რადგან ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.

„ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს. ყველამ თავისი გზა იპოვეთ. რას ვიყოფთ, მოუკლავი დათვის ტყავს? ჯერ ეს დათვი საკმარისად ძლიერია. ამიტომ ყველამ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს.

საბოლოო ჯამში, გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ. მე ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ და გთვლით მეგობრებად მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში“, — დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის კრიტიკას. მელიას აზრით, ენმ-ში ოლიგარქიული მმართველობაა და ფორმალური თავმჯდომარის უკან რეალურად დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი