ახალი ამბები

საქართველოს ევროკავშირის საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაცია ეწვია

6 ნოემბერი, 2023 • 1128
საქართველოს ევროკავშირის საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაცია ეწვია

6-8 ნოემბერს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ელჩების დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება. დელეგაციასთან შეხვედრას გამართავენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წარმომადგენლები.

ვიზიტი წინ უსწრებს ევროკომისიის მიერ ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, „ამ ფონზე ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს“.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებს ვიზიტის ფარგლებში საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებსა და ამ მხრივ უკვე არსებულ მნიშვნელოვან შედეგებს“, — აცხადებს საგარეო უწყება.

ვიზიტის ფარგლებში ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი