ახალი ამბები

ვაშაძის თქმით, მისი გუნდის წევრები პარლამენტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

4 ნოემბერი, 2023 • 2121
ვაშაძის თქმით, მისი გუნდის წევრები პარლამენტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მათი პარტიის ორი თანამშრომელი პარლამენტმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. ვაშაძის თქმით, საუბარია ლაშა დიაროვსა და გიორგი ხაბურძანიაზე, რომლებიც პარლამენტში პარტიის აპარატში საქმიანობდნენ:

„პოლიტიკური ანგარიშსწორებები საქართველოში გრძელდება. მარცხისთვის განწირული “ქართული ოცნება” მართლაც იმდენად სუსტია, რომ ჰგონია, ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებებით რაიმეს მიაღწევს. გუშინ გამოგვიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი ლაშა დიაროვი პარლამენტიდან გაათავისუფლეს და ასევე, ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურძანია გაათავისუფლეს პარლამენტიდან.

ანუ, „სტრატეგია აღმაშენებლის” ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლა საქართველოს პარლამენტმა. ამ ტიპის პრეცედენტი მსოფლიოში არ არის და ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. დიახ, გიორგი ხაბურძანიამ სხვათა შორის, ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოიგო, მერიიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და სწორედ პოლიტიკური დისკრიმინაცია სასამართლომ დაადგინა. რაც შეეხება ლაშა დიაროვს, მისი მამა ერთი წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ახლა ედავებიან საგარეჯოში, რომ 70 წლებში აშენებული ღობე უკანონოდ აშენებული ყოფილა. აი ამ დონეზე დაეცა “ქართული ოცნება” და ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება“ — აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარისთვის საქართველოს პარლამენტს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ორივე პირს უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიერ დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემდეგ შეუწყდათ.

როგორც საქართველოს პარლამენტში ნეტგაზეთს განუცხადეს, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტში გიორგი ვაშაძეს, პაატა მანჯგალაძესა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც გათავისუფლებული პირები, ეთიკის საბჭოს შეფასებით, აპარატის თანამშრომლისთვის შეუფერებლად იქცეოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი