ახალი ამბები

ოპოზიცია თავისი ინიციატივების განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს

3 ნოემბერი, 2023 • 1763
ოპოზიცია თავისი ინიციატივების განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის დაუსაბუთებელი გაჭიანურების შესახებ რეზოლუციის მიღებას ითხოვს.

რეზოლუციის პროექტი საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროოპტიმისტებმა“ მოამზადა და საკანონდმებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად დააინიცირა.

როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში აუცილებლია, პარლამენტი განიხილავდეს ოპოზიციის ინიციატივებს და ხელს უწყობდეს პარლამენტის წევრებს შორის დისკუსიას.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა უნდა გამოხატონ შეხედულებები და გააჩნდეთ უფლებამოსილება, ხალხის ნება აღასრულონ კანონშემოქმედებისა და კონტროლის გზით. როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე საპარლამენტო ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამომრჩევლებამდე მიიტანოს საკუთარი შეხედულებები.

“კანონპროექტების განხილვის პროცესში პარლამენტის წევრებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი არგუმენტები და აჩვენონ ამომრჩეველს ხედვებს შორის განსხვავება. ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტები სისტემატურად მიმართავენ პარლამენტის ბიუროს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის ბიურო სისტემატურად იღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, რითაც შეგნებულად აფერხებს კანონშემოქმედებით პროცესს.

საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის მიერ მრავალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისა, მათი განხილვა იშვიათად ხდება“, – ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში.

როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, საპარლამენტო უმრავლესობა არ აძლევს ოპოზიციას შესაძლებლობას, შეუფერხებლად გამოიყენოს კონსტიტუციითა და პარლმენტის რეგლამენტით მინიჭებული საკონტროლო უფლებამოსილებები, მათ შორის ბლოკავს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.

ოპოზიციის თანახმად,  მე-10 მოწვევის საქართველოს პარლამენტში დღემდე არ განხილულა ოპოზიციის მიერ წარდგენილი 72 კანონპროექტიდან 57.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტების განხილვის გადავადება კომიტეტებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, რიგ შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადება.

მათივე ცნობით, ოპოზიციის 10 საკანონმდებლო ინიციატივა ორ წელზე მეტია, რაც არის დარეგისტრირებული და ჯერაც არ განხილულა.

ოპოზიციის ცნობით, განუხილველად დატოვებულ კანონპროექტებს შორისაა სოციალური, სამართლებრივი, საგადასახადო საკითხები და საზოგადობისთვის სხვა აქტუალური ინიციატივები.

„ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი აცხადებს: საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა უზრუნველყონ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების დროულად განხილვა; საქართველოს პარლამენტის ბიურომ მაღალი დასაბუთების სტანდარდით მიიღოს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე განხილვის გადავადების შესახებ; საქართველოს პარლამენტის ბიურომ უზრუნველყოს ოპოზიციის მიერ
წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დროულად შეტანა; საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს ეფექტიანი საკანონმდელო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლში ოპოზიციის მონაწილეობის გასაძლიერებლად; საქართველოს პარლამენტმა შეიტანოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები, რითაც აღიკვეთება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განუხილვევლად დატოვების პრაქტიკა; პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ყოველი სესიის განმავლობაში ერთხელ შეისწავლოს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის საკითხი.

ამ მიზნით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგები წარუდგენოს პარლამენტის პლენარულ სხდომას“, – ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი