ახალი ამბები

ისრაელი იუწყება „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურის მოკვლაზე

3 ნოემბერი, 2023 • 2161
ისრაელი იუწყება „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურის მოკვლაზე

ისრაელის თავდაცვის ძალები [„ცაჰალი“, IDF] იუწყება „ჰამასის“ საბრა-თელ ალ-ჰავას ბატალიონის მეთაურის, მუსტაფა დალულას მოკვლაზე. „თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ის ღაზის სექტორზე ღამით განხორციელებულ დარტყმას ემსხვერპლა.

IDF-ის განცხადებით, დალულა „საკვანძო როლს თამაშობდა ღაზის სექტორში ისრაელის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის მართვაში“.

ამასთან ერთად, „ცაჰალი“ იუწყება, რომ ღამის დაბომბვისა და რეიდების დროს მოკლულია „ჰამასის რამდენიმე ტერორისტი“, ხოლო ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ნაპოვნია „ჰამასის“ იარაღი, მათ შორის, ასაფეთქებელი მოწყობილობები და რაკეტმტყორცნები.

მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს – მოკლა და მძევლად აიყვანა სამოქალაქო პირები, ისრაელი საპასუხოდ ღაზის სექტორს ბომბავს და მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას, სექტორის სამხრეთ ნაწილში გადავიდნენ.

მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრშია, ღაზიდან გასვლის საშუალება, ფაქტობრივად, არ აქვს. ერთადერთი სახმელეთო გზა, ღაზისა და ეგვიპტის საზღვარზე, ღიაა მხოლოდ დაჭრილებისთვის და უცხოელებისთვის.

„ჰამასმა“ 7 ოქტომბრის შეტევისას განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.

ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია, – მათ შორის შეუწყვიტა წყალმომარაგება, – და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა თითქმის 8800 ადამიანი, მათ შორის, 3 ათასზე მეტი ბავშვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი