ახალი ამბები

„გამარჯვების პლატფორმა“ უერთდება ემიგრანტების მიერ ონლაინ ხმის მიცემის ინიციატივას

3 ნოემბერი, 2023 • 1093
„გამარჯვების პლატფორმა“ უერთდება ემიგრანტების მიერ ონლაინ ხმის მიცემის ინიციატივას

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ უერთდება არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ ინიციატივას, რომელიც ემიგრანტების მიერ ონლაინ ხმის მიცემას ითვალისწინებს.

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობაში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და „ფაქტობრივად მზად აქვთ“ კანონპროექტი, მაგრამ რახან ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა, მზად არიან ყველა პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან საკონსულტაციოდ შეჯერებული დოკუმენტის შესამუშავებლად.

„ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ ონლაინ. „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე აქვს შიდაპარტიული არჩევნების ონლაინ ჩატარების გამოცდილება“, — განაცხადა ხაბეიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ასევე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ემიგრანტების უფლების რეალიზებისთვის.

მისივე თქმით, არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობის შესაძლებლობის გარდა, საჭიროა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდაც.

„ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მივმართოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათი მეშვეობით შეიქმნას ის ელექტრონული სისტემა, რომელიც იქნება დაცული, უსაფრთხო. მაგალითად, ესტონეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით“, — თქვა ვაშაძემ.

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) იწყებს კამპანიას, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ონლაინ შეძლონ.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოსახლეობასთან და ხელმოწერების შეგროვება.

მივცეთ ემიგრანტებს არჩევნებში ონლაინ ხმის მიცემის საშუალება – ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი