ახალი ამბები

პრეზიდენტმა არქიტექტორი დავით ახვლედიანი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა

2 ნოემბერი, 2023 • 994
პრეზიდენტმა არქიტექტორი დავით ახვლედიანი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დავით ახვლედიანი საქართველოს მრავალი არქიტექტურული პროექტის მაღალპროფესიულ დონეზე წარმატებით განხორციელებისა და არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდო დავით ახვლედიანის დას, ასევე არქიტექტორ ნანა ახვლედიანს გადაეცა.

„ვიცით სამებაში მისი, როგორც თბილისის მთავარი არქიტექტორის, ღვაწლი და ბევრი სხვადასხვა შენობის შექმნაში მისი მონაწილეობა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა დავით ახვლედიანის როლი „ექსპო ჯორჯიასა“ და სვანეთში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელის საზღვარგარეთ გატანაში. პავილიონები, რომელიც მან საქართველოს გარეთ წარმოჩენისთვის სხვადასხვა ქვეყანაში ააშენა, ესეც მისი ცხოვრების ერთი ნაწილი იყო — ეღვაწა საქართველოსთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ. მან დააარსა არქიტექტორების სამთო-სათხილამურო კლუბი და ამითაც ყველა თავისი მეგობარი დაიმახსოვრებს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი