ახალი ამბები

„ჰეზბოლას“ ლიდერი განცხადებას აანონსებს – რას უნდა ველოდოთ?

1 ნოემბერი, 2023 • 5982
„ჰეზბოლას“ ლიდერი განცხადებას აანონსებს – რას უნდა ველოდოთ?

ლიბანის სამხრეთ ნაწილში ბაზირებული დაჯგუფების „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრულა, პარასკევს სიტყვით უნდა გამოვიდეს. კონკრეტულად რას იტყვის ნასრულა, უცნობია.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსები „ამერიკის ხმას“ ეუბნებიან, „ჰეზბოლა“ ახლა რთულ მდგომარეობაშია, ვინაიდან პოზიციონირებს, როგორც ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, ხოლო ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის ფონზე აქტიურობას არ იჩენს.

ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, ბენჯამინ ალისონი ამბობს, რომ „ჰეზბოლას“, „ჰამასისგან“ განსხვავებით, საკმაოდ აქვს შეიარაღება, მათ შორის მაღალტექნოლოგიური – მაღალი სიზუსტის მქონე ჭურვები, რაკეტები და ასევე, დრონები, რაც „საფრთხეს უქმნის ისრაელის ინფრასტრუქტურას“. ასეთმა საფრთხემ, მიიჩნევს ალისონი, ისრაელს პრევენციული ომის დაწყებისკენაც კი შეიძლება უბიძგოს.

ლიბანელი ანალიტიკოსი დანია ქოლეილათ ჰათიბი  „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ ჰეზბოლა ფართომასშტაბიან ომში მხოლოდ ორ შემთხვევაში ჩაერთვება – თუკი ისრაელი ლიბანს დაბომბავს, ან თუკი ისრაელი მართლაც გაანადგურებს „ჰამასს“. უკანასკნელ შემთხვევაში, „[ჰეზბოლაში] კარგად იციან, რომ შემდეგნი ისინი იქნებიან“, აღნიშნავს ჰათიბი.

რამი ჰოური, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ „ჰეზბოლას“ ამჟამინდელი სამხედრო ნაბიჯები უფრო ისრაელის დაშინებასა და ისრაელის რეაქციის გამოცდას ისახავს მიზნად. იგი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს „ჰეზბოლას“ ომში ჩართვას, მაგრამ ამას არ გამორიცხავს.

„არა მგონია, სრულმასშტაბიან ომში ჩაებან. არა მგონია, ჩაებან ირანელები [ირანი „ჰეზბოლას“ აქტიურად უჭერს მხარს]. მაგრამ ეს არაა გამორიცხული. თუკი ომი [ჰამასისთვის] ძალიან კარგად ან ცუდად წარიმართა, შეიძლება ისინიც ჩაებან“.

ლიბანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, აბდულა ბო ჰაბიბის თქმით, ისრაელთან ომი არც ლიბანს და არც „ჰეზბოლას“ სურს, ვინაიდან ეს ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.


ომი ისრაელსა და ჰამასს შორის 7 ოტქომბერს დაიწყო.

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.

ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 8 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ათასზე მეტი ბავშვია.


გარეკანის ფოტოზე: დაბომბილი ღაზას სექტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი