ახალი ამბები

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის დეპუტატებისთვის სანქციებს ითხოვს

1 ნოემბერი, 2023 • 1243
„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის დეპუტატებისთვის  სანქციებს ითხოვს

„Ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ეხმაურება 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალ დეპუტატებს.

ცენტრის განცხადებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ადგილი ჰქონდა სექსიზმის, მიზოგინიის, „ჰარასმენტის“ და ბულინგის აშკარა გამოხატულებას.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ პარლამენტის წევრებს შეახსენებს დადგენილებას ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ, რომლის აღსრულებაც პრობლემურია. კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება.

„პარლამენტის ინციდენტი კი მოტივაციას უკარგავს ქალებს, რომლებსაც სურთ, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში ან გახდნენ პოლიტიკის შემქმნელები. წარმოუდგენელია, ქვეყანამ მიაღწიოს თანასწორობას მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც თავად უნდა იყოს სწორი პოლიტიკის შემქმნელი და ხელს უწყობდეს უთანასწორობის აღმოფხვრას, უხეშად ირღვევა ქალთა უფლებები და ხელი ეწყობა პატრიარქატის გაძლიერებას. მეტიც, ყოველივე ეს ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, სტატისტიკურად საგანგაშოდ მზარდი ფემიციდის შემთხვევების ფონზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ მოითხოვს, შეიქმნას ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, სანქციების დაწესების ქმედითი მექანიზმი იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც ეთიკის კოდექსს დაარღვევენ.

„საერთაშორისო პრაქტიკით, სანქციები განსხვავდება ქვეყნისა და საკანონმდებლო ორგანოს მიხედვით და შეიძლება მოიცავდეს სიტყვის უფლების ჩამორთმევას, გაფრთხილებას პარლამენტის თავმჯდომარის ან საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილი პირებისგან, საყვედურს, ფინანსურ ჯარიმას, მანდატის შეჩერებას და გარიცხვას“, — აცხადებს „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განსაკუთრებით პარლამენტის ეთიკის საბჭოს, პარლამენტის მუდმივმოქმედ გენდერული თანასწორობის საბჭოს და ცალკეულად თითოეულ დეპუტატს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

“ქალთა საინფორმაციო ცენტრის” განცხადება ღიაა ხელმომწერებისთვის.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა ქალი კოლეგები სექსისტურ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიეს. 31 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა მიაყენა შეურაცხყოფა ანი წითლიძეს, შემდეგ კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ – თეონა აქუბარდიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი