ახალი ამბები

კობახიძე განმარტავს, რა იგულისხმა ბერაიამ „ყველგან ნამყოფ ენაში“

1 ნოემბერი, 2023 •
კობახიძე განმარტავს, რა იგულისხმა ბერაიამ „ყველგან ნამყოფ ენაში“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასერიოზულად მიიჩნევს მოთხოვნას ირაკლი ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.

კობახიძის თქმით, ბერაიას გადადგომას ითხოვენ ადამიანები, რომელთაც თავად აქვთ „სერიოზული პრობლემები ზრდილობასთან“.

„ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატებს პატარა კაცებს რომ ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? ბოდიში გახსოვთ თქვენ თეონა აქუბარდიასგან რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? ორმაგი სტანდარტები არ ვარგა… ქალი პოლიტიკოსი არ იყო თეა წულუკიანი, როცა უწმაწური ბანერი გაუშალეს?“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კობახიძე გულისხმობს „ქართული ოცნების“ ლოგოიანი ბანერს, წარწერით: „Русский военный корабль, иди на хуй“, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა — თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ — კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს გაუშალეს ტრიბუნასთან.

„ქალს როცა ელემენტარული ქალური ღირსება არა აქვს, შესაბამისი განცხადებაც გააკეთეს“, — თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ არცერთ ამ ქალს ბოდიში არ მოუხდია.

„როგორ შეიძლება ქალი დეპუტატი იქცეოდეს ისე, როგორც ესენი იქცევიან. ისინი ახდენენ, მათ შორის, გენდერული კვოტების დისკრედიტაციას“, — თქვა კობახიძემ და ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, პატივის სცენ სტატუსს და იმას, რომ არიან ქალი დეპუტატები.

კობახიძის თქმით, ირაკლი ბერაია „არის ღირსეული ადამიანი“ და მას არ გაუჭირდა ბოდიშის მოხდა. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ პარტიაში ჰქონდათ ბერაიასთან კომუნიკაცია და ურჩიეს განცხადების გაკეთება, რაც დეპუტატმა გაითვალისწინა.

კობახიძემ ასევე განმარტავს, რა იგულისხმა ბერაიამ თეონა აქუბარდიასადმი მიმართვაში „გრძელი და ყველგან ნამყოფი ენა“.

„თქვენ, მე მგონი, რაღაც სხვანაირად გაიგეთ. თქვენ მიანიჭეთ კონკრეტულ ფრაზას ის მნიშვნელობა, რაც მას არა აქვს. სინამდვილეში საუბარი იყო იმაზე, რომ სადაც კი წავიდა ირაკლი ბერაია, ყველგან დახვდა ამ ადამიანის ნალაპარაკები სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“, — განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „უსინდისო, სამარცხვინო მატყუარა და უღირსი ადამიანი“ უწოდა დეპუტატ თეონა აქუბარდიას.

„რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ბოლო 1 წელია ჩვენს კომიტეტსაც და მეც მომიხსენიებს არცთუ ისე სახარბიელოდ, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან „სელფების“ გადაღების და „გაფეისბუქების“ საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის და გაშხლართვის საშუალება.

ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

აღნიშნულის შემდეგ ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა აქუბარდიას თქმით, „ცალყბა ბოდიში“ მისთვის მისაღები არ არის.

ოპოზიცია მოითხოვს, ირაკლი ბერაიამ დატოვოს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

„ოცნების“ წევრმა ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი