ახალი ამბები

სტატუსის მიღების შანსი გაიზარდა და საჩქარო არაფერია — მდინარაძე „კარვების კანონზე“ ვეტოს დაძლევაზე

31 ოქტომბერი, 2023 • 885
სტატუსის მიღების შანსი გაიზარდა და საჩქარო არაფერია — მდინარაძე „კარვების კანონზე“ ვეტოს დაძლევაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, განაცხადა, რომ ე.წ. კარვების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აღარ ჩქარობენ.

მდინარაძის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი დიდად გაიზარდა, რამაც „ძალადობრივი რევოლუციის გეგმები“ შეაფერხა.

„ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვჩქარობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, ამაში თქვენც დარწმუნდით, როცა „კანვასის“ ტრენინგები ვნახეთ. თუმცა, ვინაიდან ერთი ათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, რასაც ყველა ვხედავთ და ვხვდებით, ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომაც საჩქარო არაფერია.

არ ვმალავათ ამას, მართლაც მიბმული იყო ამაზე, რადგან ნახევარზე მეტი, რაც სუს-ის ბრიფინგზე იყო ფაქტები მოყვანილი, დადასტურდა ერთ კვირაში. მეორე ნაწილი ვერ განხორციელდება, საბედნიეროდ. ჯერ ერთი, ამის ძალაც არ აქვთ, სულ რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ რადგან დიდი მოლოდინია პოზიტიური გადაწყვეტილების, ამიტომ ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც აღარ არის. თუმცა ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ, კაცმა არ იცის“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 5 ოქტომბერს, მესამე მოსმენით მიიღო.  „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.

კანონის გამკაცრების მიზეზად „ქართული ოცნება“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებდა, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმებოდა.

თუმცა 17 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონს ვეტო დაადო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი