ახალი ამბები

რას ჰყვება თელ-ავივი-მაჰაჩყალის რეისის მგზავრი

30 ოქტომბერი, 2023 • 3045
რას ჰყვება თელ-ავივი-მაჰაჩყალის რეისის მგზავრი

„რაღაც მომენტში ასობით ადამიანი მოვიდა და გააჩერა ავტობუსი. ამოვიდნენ, ჩამოიარეს ყველასთან. კითხულობდნენ, მუსლიმი იყო თუ ებრაელი“, – უყვება გამოცემა Ynet-ს 26 წლის შმუელი ისრაელიდან. იგი თელ-ავივი-მაჰაჩყალას რეისის ერთ-ერთი მგზავრი იყო.

სწორედ ამ რეისს დახვდა ასობით ადამიანი მაჰაჩყალას აეროპორტში. ანტისემიტური აქციის მონაწილეებმა აეროპორტი, მათ შორის ასაფრენი ბილიკიც კი დაიკავეს და ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების პოვნას ცდილობდნენ. ამას წინ უძღოდა ანტისემიტური აქციები სხვა ადგილებში.

შმუელი იყო თელ-ავივი-მაჰაჩყალას რეისის ერთ-ერთი ისრაელელი მგზავრი. იგი იხსენებს, რა მოხდა აეროპორტში, რა გადაიტანეს მგზავრებმა და როგორ გავიდნენ სამშვიდობოს.

მისი თქმით, რუსეთში, კერძოდ კი დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში თავის საცოლესთან შესახვედრად ჩავიდა, ხოლო რეისზე მის გარდა ისრაელის 15 მოქალაქეც იყო, მათ შორის- ბავშვები. უმრავლესობა მოსკოვში მიემგზავრებოდა, მაჰაჩყალაში კი გადაჯდომა უწევდა.

დაშვების შემდეგ მგზავრები, როგორც წესი, საპასპორტო კონტროლის გასავლელად წავიდნენ, თუმცა მალევე დაინახეს ასობით ადამიანი. შემდეგ პოლიციამ მათი ევაკუაცია დაიწყო – ავტობუსში.

„ვხედავდით, როგორ მორბოდა ხალხი ასაფრენი ბილიკისკენ და ავტობუსს ქვებს უშენდნენ. ბავშვები ყვიროდნენ, ერთი გოგონა დაშავდა შუშის ნამსხვრევით. არ ვიცი, აქაურია თუ ისრაელელი. დიდი არეულობა იყო, ძალიან საშიში იყო. ავტობუსი ცდილობდა, მოშორებოდა ბრბოს. პოლიციელები ცოტანი იყვნენ, არაფერი მოიმოქმედეს. რაღაც მომენტში ასობით ადამიანი მოვიდა და გააჩერა ავტობუსი. ამოვიდნენ, ჩამოიარეს ყველასთან. კითხულობდნენ, მუსლიმი იყო თუ ებრაელი. ვუპასუხე, მუსლიმი ვარ-მეთქი. მეშინოდა. საბედნიეროდ, დამიჯერეს და წავიდნენ“, – იხსენებს იგი.

საფრენ ბილიკზე მოძრაობის შემდეგ, ამბობს შმუელი, ავტობუსი პოლიციამ აეროპორტის VIP-კომპლექსისკენ გადაიყვანა, სადაც მგზავრებს დაცვაც ჰყავდათ. საბოლოო ჯამში კი, „საშინელი შიშის ოთხი საათის შემდეგ“, მგზავრები რუსული არმიის სამხედრო ვერტმფრენს გადაუყვანია სხვა ქალაქში.

„როცა ავტობუსში ვიყავით, მეშინოდა, ნამდვილად დავინახე სიკვდილი. უფრო დეტალურად რომ გამოვეკითხე, გაიგებდნენ, ისრაელელი რომ ვარ. რუსული არ ვიცი, მაგრამ საბედნიეროდ გამოჩნდა რუსულად მოსაუბრე ისრაელელი, რომელიც დამეხმარა. საშიში და საშინელი იყო. თავს უძლურად ვგრძნობდი“, – აჯამებს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი