ახალი ამბები

ანტისემიტური გამოსვლები დაღესტანში – დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი

30 ოქტომბერი, 2023 • 1192
ანტისემიტური გამოსვლები დაღესტანში – დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი

29 ოქტომბერს დაღესტანში დაწყებული ანტისემიტური გამოსვლები და „ებრაელების ძებნა“ იმავე ღამით დასრულდა მომიტინგეთა მიერ მაჰაჩყალის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის დაკავებით – თელ-ავივის რეისის გამო.

ასაფრენი ბილიკი და აეროპორტის ტერიტორიის ნაწილი მათ რამდენიმე საათით ჰქონდათ დაკავებული, რის გამოც თელ-ავივიდან ჩაფრენილი თვითმფრინავის მგზავრები საათობით ვერ ახერხებდნენ ხომალდის დატოვებას.

ამჟამად მომხდართან დაკავშირებით ცნობილია სამოც დაკავებულზე. სამართალდამცავი ორგანოები იტყობინებიან მასობრივი არეულობის 150 მონაწილის იდენტიფიცირებაზეც. ტელეგრამ-არხ „ბაზის“ შეფასებით, 1500-მა ადამიანმა მიიღო არეულობაში მონაწილეობა. გამოძიება მიმდინარეობს მასობრივი არეულობის მუხლით, რაც ითვალისწინებს 8-დან 15 წლამდე პატიმრობას.

„პირი, რომელიც გარეგნულად ჰგავს ისრაელის მოქალაქეს“

შედარებით მცირე მასშტაბის ანტისემიტური გამოსვლები დაღესტანში და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ოლქში 28-29 ოქტომბერსაც მოხდა.  ჩერკესკში ჩატარებულ აქციაზე მომიტინგეები რეგიონში ებრაელი ლტოლვილების არდაშვებას და უკვე მცხოვრები ებრაელების გასახლებას ითხოვდნენ. ადგილობრივი შსს-ს ცნობით, აქციაში მონაწილეობა მიიღო  80-მა ადამიანმა.

29 ოქტომბერს ნალჩიკში უცნობმა პირებმა დაწვეს მშენებარე ებრაული კულტურის ცენტრი, ხოლო კედელზე დაწერეს „სიკვდილი იაჰუდებს [არაბულად – ებრაელი]“.

28 ოქტომბერს დაღესტნის ქალაქ ჰასავიურტში აქცია იყო სასტუმრო „ფლამინგოსთან“, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, თითქოს სასტუმროში ისრაელიდან ჩამოსული ლტოლვილები იყვნენ. ეს ცნობები გამოაქვეყნა ტელეგრამ-არხმა „უტრო დაგესტან“. მოგვიანებით სხვა, ანონიმური ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც თითქოს დაფიქსირებულია „პირი, რომელიც გარეგნულად ჰგავს ისრაელის მოქალაქეს“.

ამის შემდეგ, მალევე, სასტუმროსთან ხალხი შეიკრიბა. ისინი ითხოვდნენ, სასტუმროს მკვიდრები ფანჯრებთან მისულიყვნენ, მოგვიანებით კი შენობას ქვები დაუშინეს.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ადგილზე მისულმა პოლიციამ რამდენიმე მომიტინგეს უფლება მისცა, სასტუმროში შესულიყო და დარწმუნებულიყო, რომ ისრაელის მოქალაქეები იქ არ არიან. აქციის შემდეგ სასტუმრომ წარწერა გამოაკრო: „ისრაელელებს (ებრაელებს) შემოსვლა ეკრძალებათ“. იქვე აღნიშნულია, რომ სასტუმროში ისრაელის მოქალაქეები არ ცხოვრობენ.

აეროპორტის დაკავება

დაღესტანში თელ-ავივის რეისის ჩაფრენის მოახლოებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც ტელეგრამ-არხებში გავრცელდა მოწოდებები, რომ აეროპორტთან შეკრებილიყვნენ და მანქანები შეემოწმებინათ, აქციაზე მისულები აჩერებდნენ აეროპორტიდან გამსვლელ მანქანებს [მათ შორის, პოლიციის სპეცრაზმის] და ამოწმებდნენ მოქალაქეების პასპორტებს.

რამდენიმე საათში მომიტინგეები შეიჭრნენ აეროპორტის შენობაში. ტელეგრამ-არხ „ოსტოროჟნო, ნოვოსტის“ ცნობით, ისინი ანტისემიტურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ, ხოლო აეროპორტის თანამშრომლები სამუშაო კაბინეტებში დამალვას ცდილობდნენ.

შემდეგ მომიტინგეები საფრენ ბილიკზეც კი გავიდნენ და ცდილობდნენ, შეჭრილიყვნენ თელ-ავივიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავში. პოლიცია მათ ხელს არ უშლიდა, წერს „მედუზა“ და ამბობდა, რომ „ესმის“ მომიტინგეების. სპეცრაზმი, რომელიც ადგილზე მივიდა საფრენი ბილიკის დაკავების შემდეგ, ასევე არ შევიდა კონფრონტაციაში მათთან. აეროპორტში ხალხთან მოსალაპარაკებლად მივიდა დაღესტნის ორი რეგიონული მინისტრი. დაკავებებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, ადგილობრივი დროით სამი საათისთვის, მომიტინგეებმა თითქმის ბოლომდე დატოვეს აეროპორტი.

დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საბოლოო ჯამში, დაშავდა ოც ადამიანზე მეტი, ორი კი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დაღესტნის ებრაული თემი არ გამორიცხავს 800-მდე ოჯახის ევაკუაციას რეგიონიდან. „ვითარება ძალიან მძიმეა, ხალხს ეშინია, მირეკავენ, არც კი ვიცი, რა ვურჩიო“, – განაცხადა რუსეთის მთავარი სარაბინოს წარმომადგენელმა რეგიონში, ოვადია ისაკოვმა. მანვე აღნიშნა, რომ არ იცის, სად შეიძლება განხორციელდეს ევაკუაცია – „არც რუსეთია საშველი, რუსეთშიც იყო პოგრომები“.

ისრაელის ხელისუფლებამ მოსკოვს მოუწოდა, ემოქმედა „პოგრომშიკების წინააღმდეგ“ და უზრუნველყო ისრაელელთა და ებრაელთა უსაფრთხოება.

აქციის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს პირი, რომელიც ებრაელი ჰგონიათ

„რუსეთის მტრების პროვოკაცია“

დაღესტნის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა მომხდარ „პროვოკაციებში“ დაადანაშაულა „ექსტრემისტული რესურსები, რომლებსაც მართავენ რუსეთის მტრები“, თუმცა იქვე დაამატა, რომ ინციდენტში დამნაშავენი არიან ისინიც, ვინც წამოეგო პროვოკაციაზე.

ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა საკოორდინაციო ცენტრმა დაგმო ანტისემიტური აქციები და ანტისემიტიზმი, თუმცა მომხდარი აგრეთვე ახსნა „დესტრუქციული ძალების პროვოკაციებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი