ახალი ამბები

რუსთავის მერიამ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

30 ოქტომბერი, 2023 • 1110
რუსთავის მერიამ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

რუსთავის მერიამ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სარჩელით მერია ითხოვს: რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის არაუფლებამოსილ პირად აღიარებას საკრებულოში მერიის მიერ წარდგენილი პროექტების უკან დაბრუნების ნაწილში, ასევე, ქმედებების განხორციელების დავალებას.

ლაცაბიძემ საკრებულოს უმრავლესობას, რომელსაც ოპოზიცია, კერძოდ კი,”ნაციონალური მოძრაობისა” და პარტიის “საქართველოსთვის” წევრები წარმოადგენენ, ბრალი დასდო საინვესტიციო პროექტების განხილვის გაჭიანურებაში.

კერძოდ, მისი თქმით, რეგლამენტის უხეში დარღვევით საკრებულო აფერხებს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მომტან პროექტებს:

“ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო მუშობას შეუდგა, რუსთავის მერია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პარალელურად, სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წევრების მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოყვანა შეძლოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს…

რუსთავის მერიის ორწლიანი მცდელობა, არაერთი მიმართვა, საჯარო განცხადება, წერილობითი მოთხოვნა ამაო აღმოჩნდა პოლიტიკური დაჯგუფების მიმართ და რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ კოალიცია, უფრო დაჯგუფებას ვუწოდებდი, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს კომისიიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს ქალაქისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ახალი ინვესტიციების შემოსვლა”, — განაცხადა რუსთავის მერმა ბრიფინგზე.

ლაცაბიძის თქმით, მერიამ არაერთხელ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც პარტიის “საქართველოსთვის” წევრია, თუმცა, უშედეგოდ.

ლაცაბიძის ამ განცხადებას არ ეთანხმებიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები და აცხადებენ, რომ ისინი ძირითადად არ ამტკიცებენ დეველოპერულ პროექტებს, რაც მათი შეფასებით, არ შეესაბამება მოთხოვნებს და ხარვეზების გამოსასწორებლად უკან აბრუნებენ.

“ამ საკრებულოს ყველაზე მეტი ნებართვა აქვს გაცემული ბოლო წლების საკრებულოებში. საკრებულოში შემოტანილი და გაცემული ნებართვები არის ყველაზე მეტი კვადრატულობით გაცემული და არანაირ გაჭიანურება არ ხდება.

გაჭიანურება ხდება იმ შემთხვევაში, როცა შემოსულია წინადადება ისეთ ადგილას, სადაც უნდა აშენდეს 14-სართულიანი შენობა და გარშემო არ არის 3-5 სართულზე მეტი განაშენიანება. ამაზე ჩვენ ვუთხარით, რომ თუ სართულიანობა დაიწევს, თუ მისაღები იქნება გარემოსთვის ეს მშენებლობა, შევიდეს ცვლილებები და ააშენონ დეველოპერებმა”, — აცხადებს რუსთავის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ალეკო ბერიძე “რუსთავი 2”-თან.

შეკითხვაზე, კონკრეტულად რა პროექტებზე საუბრობს ლაცაბიძე, პრესსამსახურში მაგალითად მოჰყავთ სწორედ ერთ-ერთი დეველოპერული კომპანიის მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. კერძოდ, მათი მტკიცებით, “რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურ უმრავლესობას სრულიად უსაფუძვლოდ” ჰქონდა გაჩერებული კომპანია “გოლდენ პალასის” პროექტი, რომელიც 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებდა, რითაც რუსთავში თითქმის 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

“პროექტების ნაწილი საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ მხოლოდ მას შემდეგ განიხილა კომისიაზე, რაც ხელოვნურად გაჩერებული პროექტების გამო რუსთავის მერმა საჯარო განცხადება გააკეთა მედიის საშუალებით.

პირველად 2023 წლის 10 მაისს გადაიგზავნა და ყოველგვარი განმარტების გარეშე საკრებულომ 25 სექტემბერს დააბრუნა მერიაში. საყურადღებოა, რომ მაისში გაგზავნილი წერილის განხილვის გარეშე დაბრუნებას თითქმის 4 თვე მოანდომეს. ხელმეორედ გადაიგზავნა უკან 26 სექტემბერს, ანალოგიურად განუხილველად დააბრუნეს მერიაში ისე, რომ სხდომაზეც არ გაუტანიათ, და უკვე მესამედ პროექტი რუსთავის მერიამ 16 ოქტომბერს გადააგზავნა საკრებულოში”, — ნათქვამია მათ განცხადებაში.

ლაცაბიძის ბრალდებებს “ნეტგაზეთთან” საუბარში უპასუხა პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, ფრაქციის “რუსთავი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ — ნათია შელეგიამ. მისი თქმით, საკრებულო რეგლამენტისა და კანონის სრული დაცვით მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, შელეგიას განცხადებით, გარკვეული ხარვეზების გამო რიგ პროექტებს შესაბამისი რეკომენდაციებით აბრუნებენ მერიაში განსახილველად და მომზადებული სახით წარსადგენად:

“რიგ შემთხვევაში კითხვებზე პასუხებიც კი არ აქვთ აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ ამა თუ იმ საკითხს. მოუმზადებელია საერთოდ პროექტი, როგორც დოკუმენტურად, ასევე შინაარსობრივად, ვერ წარმოადგენენ ხოლმე და ამ შენიშვნებითაც ბრუნდება რიგ შემთხვევებში.

ეს არის ჯანსაღი და სწორი მუშაობის პროცესი, რომელიც საკრებულოში მიმდინარეობს, მათ შორის თავმჯდომარე სრულად აკონტროლებს კომისიების მუშაობას, ისევე, როგორც საკრებულოს მუშაობას და ფუნქციონირებას, მათ გამართულობას, და არც ერთი შეფერხება არ გვქონია. საკრებულო მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს, რეგლამენტის და კანონმდებლობის სრული დაცვით ყოველ ჯერზე და გარკვეული შენიშვნებით როცა ბრუნდება პროექტები, ეს ჯანსაღი კანონისმიერი პროცესია, რაც მიუღებელია ქალაქის მერისთვის და აღშფოთებას იწვევს ყოველ ჯერზე”, — ამბობს შელეგია.

რაც შეეხება ლაცაბიძის განცხადებებს რუსთავის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” კოალიციის არსებობის თაობაზე, შელეგია ამას გამორიცხავს და ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ისეთ პროექტებს უჭერენ ხოლმე მხარს, რომელსაც “საქართველოსთვის” პარტია არ ეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი