ახალი ამბები

ღაზაში „ალ ქუდსის“ ჰოსპიტლის ევაკუაციის ბრძანებას „შეუძლებელს“ უწოდებენ

29 ოქტომბერი, 2023 • 1793
ღაზაში „ალ ქუდსის“ ჰოსპიტლის ევაკუაციის ბრძანებას „შეუძლებელს“ უწოდებენ

საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე“ შეუძლებელს უწოდებენ ისრაელის არმიის განკარგულებას, ქალაქ ღაზაში „ალ ქუდსის“ ჰოსპიტლის ევაკუაციის შესახებ. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის მმართველობის ქვეშაა საავადმყოფო.

როგორც BBC იტყობინება, „ალ ქუდსის“ ჰოსპიტალში რამდენიმე ასეული პაციენტია, გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებას 14 ათასი ადამიანი აფარებს თავს. საავადმყოფოები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების სკოლები არის ერთადერთი შედარებით უსაფრთხო ადგილი ღაზელებისთვის, რომლებიც დაბომბვებისგან თავის დაცვას ცდილობენ.

„საავადმყოფოები არის დახმარებისა და თავშესაფრის მისაღები ადგილი, ის ნებისმიერ ფასად უნდა იყოს დაცული. „ალ ქუდსის“ ჰოსპიტალში მკურნალობს ასეულობით დაშავებული, საწოლს მიჯაჭვული პაციენტი.

პაციენტთა ევაკუაცია, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან და ასევე ინკუბატორში მყოფი ბავშვების, ფაქტობრივად, შეუძლებელია არსებულ ვითარებაში“, — აცხადებს „წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე“.

ორგანიზაციისვე ცნობით, საავადმყოფოს მიმდებარედ თითქმის ყველა შენობა ისრაელის ავიაციის სამიზნე გახდა, დაზიანებულია საავადმყოფოსთან მისასვლელი გზებიც.

ისრაელს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება „ალ ქუდსის“ ჰოსპიტლის ევაკუაციის ბრძანების შესახებ.

თუმცა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა დანიელ ჰაგარმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ღაზის უდიდესი, „ალ შიფას“  ჰოსპიტლის ქვეშ, გვირაბებსა და ბუნკერებში ტერორისტულ ორგანიზაციას მართვის უდიდესი სისტემა აქვს მოწყობილი, რასაც ისრაელის წინააღმდეგ კოორდინაციისა და თავდასხმისთვის იყენებს, ასევე, მოიხმარს საავადმყოფოს რესურსებს. ჰაგარის თქმით, მათ აღნიშნული ინფორმაცია დაზვერვითა და „ჰამასის“ დაპატიმრებული მებრძოლების ჩვენებებიდან შეიტყვეს.


ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.

ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 8 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ათასზე მეტი ბავშვია.

საერთაშორისო უფლებადაცვითი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში პალესტინელთა „კოლექტიური დასჯაა“ და საუბრობენ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც 2 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება.

ფოტოზე: „ნასერის“ ჰოსპიტალი ღაზის სამხრეთში, ქალაქ ხან იუნისში. EPA-EFE/HAITHAM IMAD

მასალების გადაბეჭდვის წესი