ახალი ამბები

რას გულისხმობდა სააკაშვილი არჩევნებზე ელექტრონული სისტემის შეცვალაში — ენმ-ის განმარტება

27 ოქტომბერი, 2023 • 1625
რას გულისხმობდა სააკაშვილი არჩევნებზე ელექტრონული სისტემის შეცვალაში — ენმ-ის განმარტება

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას განმარტავენ.

დღეს, 27 ოქტომბერს, სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არჩევნები წინასწარ აქვს გაყალბებული ელექტრონული საარჩევნო სისტემის წყალობით. მისი თქმით, „ამ სისტემის შეცვლას ერთად უნდა მივაღწიოთ“.

„ეს არის დაახლოებით ის, რაც რუსეთშია, პუტინმა რაც შემოიღო. მეგობრებო, ერთი კაცი შუშის სასახლეში გადაწყვეტს, დაურეკავს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ეტყვის, რამდენი პროცენტი უნდა დაჯდეს. შემდეგ რაც არ უნდა ვთვალოთ, არაფერს აზრი აღარ ექნება. მათ არჩევნები წინასწარ აქვთ გაყალბებული, გადაწყვიტეს, რომ აღარ გარისკონ”, — განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ნეტგაზეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ უთხრა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ემიგრანტებისთვის ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას გულისხმობდა.

მისი თქმით, პარტია თანამედროვე ტექნოლოგიების წინააღმდეგი არ არის და ამას ისიც მოწმობს, რომ ენმ-ში შიდა არჩევნები ელექტორნული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. თუმცა ,მისი თქმით, მხოლოდ ელექტრონული ტექნოლოგიები საკმარისი არ არის და არჩევნების მთავარი სტანდარტი გამჭვირვალობაა, რასაც დღეს ცესკო ვერ აკმაყოფილებს.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ძირითადად ეხმიანებოდა იმას, რომ ემიგრანტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვინდა ემიგრანტებისთვის არჩევნები ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდეს და ეს ტექნოლოგია უსაფრთხოების თვალსაზრისით დაიცვას ევროკავშირმა.

რაც შეეხება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს, აქ იგულისხმება ის, რომ ცესკომ შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარა და  შემდეგ ამ არჩევნების აუდიტი ისე შეარჩია, რომ ეს იყო ფარული და გაუმჭვირვალე პროცესი.

ამაში ოპოზიციურ სუბიექტებს მონაწილეობა არ მიგვიღია.  არჩევნების მთავარი პრინციპი და სტანდარტი — გამჭვირვალეობა — არის დარღვეული. როდესაც ვლაპარაკობთ გამჭვირვალე არჩევნებზე, ეს არ არის გამჭვირვალე არჩევნები. როგორი დაბალი სტანდარტითაც არის არჩეული ბატონი გიორგი კალანდარიშვილი [ცესკოს თავმჯდომარე], ჩვენ ისეთი დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებს არ მივიღებთ. ამას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი“, — განუცხადა ნეტგაზეთს ლაშა ფარულავამ.

როგორც ლაშა ფარულავა ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ემიგრანტებისთვის არჩევნებზე ონლაინ ხმის მიცემის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

ცესკოს ცნობით, 1 ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი აშშ-ში რეგისტრირებულმა და აკრედიტებულმა კომპანია Pro V&V-მ ჩაატარა. მათივე განცხადებით, კომპანია ცესკომ ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩია.

„კომპანია, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩია, ასევე აკრედიტებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად. მას სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ, ფილიპინები, დომინიკის რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის ჩატარება უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და საჯაროობას. ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობის განხორციელებისას, განსაკუთრებით ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვის პროცესში, საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს“, — აცხადებს ცესკო.


2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ელექტრონული რეგისტრაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატები დახვდება, ასევე იცვლება ბიულეტენი და მისი ყუთში მოთავსების წესი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროცესზე დისტანციურად ჩაერთო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ხედვა გააცნო. მისი თქმით, შემდეგი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, 1990 წლის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია.

როგორც ის ამბობს, ხელისუფლებას არჩევნები წინასწარ აქვს გაყალბებული ელექტრონული საარჩევნო სისტემის წყალობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი