ახალი ამბები

ყალბია ბრალდებები რევოლუციის მხარდაჭერაზე — USAID

26 ოქტომბერი, 2023 • 1085
ყალბია ბრალდებები რევოლუციის მხარდაჭერაზე — USAID

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ მაქიი დეზინფორმაციას უწოდებს ბრალდებებს USAID-ის მიერ საქართველოში რევოლუციის სცენარის მხარდაჭერის შესახებ.

მისი თქმით, USAID წლების განმავლობაში თანამშრომლობს არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განმტკიცებასა და გაძლიერებაში.

„ჩვენ ვმეთვალყურეობთ არჩევნებსაც, რომ ის იყოს თავისუფალი, სამართლიანი და მიუკერძოებელი. ის ბრალდებები, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და USAID-ის მიმართ ისმის რევოლუციის მხარდაჭერის შესახებ, არის ყალბი და დეზინფორმაცია. ეს სამწუხაროა“, — განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ.

ერინ მაქიი ამერიკის დელეგაციას ხელმძღვანელობს თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ და შეხვდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებს, განათლების და ბიზნესის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა გახსნა USAID-ის „განათლება მომავლის“ ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოში განათლების სექტორის დაფინანსებას ითვალისწინებს 14 მილიონი აშშ დოლარით.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამჟამად საქართველოში 40 პროგრამას ახორციელებს. 1992 წლიდან სააგენტომ 1.9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, მათ შორის, ისეთი პროგრამებით, როგორიცაა: მოსახლეობის ელექტოროენერგიით უზრუნველყოფა, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვაზე ზრუნვა, საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობის და შესაძლებლობების შექმნა და მოქალაქეზე ორეინტირებული დემოკრატიული პროცესების გაძლიერება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას „სახელმწიფო გადატრიალების“ მორიგი შეთქმულების შესახებ. სუსი აცხადებს, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

USAID-ის წინააღმდეგ გახმიანებული ბრალდებები მცდარია – აშშ-ის საელჩო

მასალების გადაბეჭდვის წესი