„ქართულ ოცნებაში“ USAID-ს თემით მანიპულირებენ და ამტკიცებენ, რომ მხოლოდ 2024 წლის არჩევნებზე აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 41,7 მილიონი დოლარი დახარჯა.
თავდაპირველად 4 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი პოსტი გამოაქვეყნა USAID-ის ორი პროგრამის შესახებ ფოტოთი და დაწერა, რომ „USAID-მა პოლიტიკური ენჯეოების გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე“.
„მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ, ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია. ეს შედარება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება, თუკი საფუძვლად ქვეყნების GDP-ს ავიღებთ.
შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41,7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.
USAID-მა, რომელიც 2020 წელს თავად იყო პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების და არჩევნების აყირავების მცდელობის მონაწილე და 2024-შიც იგივე გააგრძელა, უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც, ყოველ ჯერზე, არჩევნების აყირავების მოთავეები არიან“, – წერს პაპუაშვილი.
12 თებერვალს USAID-ის პროგრამებზე მანიპულაცია გაავრცელა პაპუაშვილის მოადგილემ, გია ვოლსკიმ, რომელმაც Facebook-ზე გავრცელებულ პოსტს იგივე ფოტო დაურთო, რაც პაპუაშვილმა.
ვოლსკიმ უფრო ხაზგასმით აღნიშნა, რომ USAID-მა 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო „შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად“. მისი თქმით, ეს თანხა მთლიანად 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყო.
რეალურად, რაში და როდის დახარჯა USAID-მა 41.7 მლნ
შალვა პაპუაშვილის და გია ვოლსკის მიერ გამოქვეყნებული ფოტოთი ირკვევა, რომ საუბარია USAID-ის მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) პროგრამების ფარგლებში გამოყოფილ თანხებზე – 26,5 მლნ და 15,2 მლნ დოლარზე. ფოტოზე ჩანს, რომ ორივე პროგრამა 2025 წელს სრულდება, თუმცა არ ჩანს მათი დაწყების თარიღი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც არაფერს წერენ და პირიქით, ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, რომ USAID-მა 41,7 მლნ დოლარი მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის დახარჯა.
მათი პოსტებიდან ასევე შესაძლოა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ USAID მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდა, მაშინ, როცა აღნიშნული პროგრამები საჯარო უწყებებთან თანამშრომლობასაც მოიცავდა.
რეალურად, პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 26,5 მლნ-ია, 6-წლიანია, 2019 წელს დაიწყო და 2025 წელს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება მეორე პროგრამას, რომლის ბიუჯეტიც 15,2 მლნ-ია, ის 7-წლიანია, 2018 წელს დაიწყო და 2025 წელს უნდა დასრულდეს.
The Consortium for Elections and Political Process Strengthening (CEPPS) – არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი შედგება არაკომერციული ორგანიზაციებისგან და აქვს გაცხადებული მიზანი, გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ პრაქტიკასა და ინსტიტუტებს მთელ მსოფლიოში.
CEPPS-ის პარტნიორი ორგანიზაციები არიან:
- International Foundation for Electoral Systems (IFES) – საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი;
- International Republican Institute (IRI) – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი;
- National Democratic Institute (NDI) – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.
CEPPS საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის განვითარების მხარდასაჭერად და ინკლუზიური და პოლიტიკური კულტურის გასაძლიერებლად პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო), საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, უმცირესობებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან უშუალო თანამშრომლობით.
USAID ეხმარებოდა პარტიებს პოლიტიკური პლატფორმების, პროგრამებისა და გზავნილების დახვეწაში, რაც ასევე მოიცავდა საზოგადოებრივი აზრის კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას. როგორც ცნობილია, NDI-სა და IRI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები საქართველოში თითქმის ერთადერთი გამოკითხვა იყო, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ტარდებოდა ხოლმე და მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებსა და მიმდინარე მოვლენების მიმართ დამოკიდებულებას ზომავდა.
CEPPS-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არჩევნებისას.
გარდა ამისა, წლებია საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნოლოგიურ და კიბერ უსაფრთხოების მხარდაჭერას ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), რომელიც USAID-ის მიერ დაფინანსებული CEPPS-ის პროგრამის პარტნიორია.
ცესკოს გვერდზე, რომელიც სახელმწიფო უწყებაა და არ ენჯეო, არაერთი ინფორმაცია იძებნება USAID-თან თანამშრომლობაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებთან მრავალწლიან პარტნიორობას.
მაგალითად, 2020 წელს, თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის დროს, ცესკოში სასერვერო ინფრასტრუქტურა USAID-ის დახმარებით გაიხსნა, რაც აშშ-ის მიერ გაწეულ ტექნიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ახალ აპარატურას და პროგრამულ უზრუნველყოფას მოიცავდა და ცესკოს საქართველოს არჩევნების კიბერთავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარა.
2020 წელს USAID-ის მეშვეობით, შეერთებული შტატები დაეხმარა ცესკოს დეზინფორმაციის მონიტორინგის ცენტრის შექმნაში.
2024 წელს, წინასაარჩევნოდ, IFES-ის ტექნიკური მხარდაჭერით, ცესკომ პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ განახორციელა.
უფრო კონკრეტულად, თუ რა სახის და რა მოცულობის დახმარება გაუწია USAID-მა ცესკოს 2019 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, რომლიდანაც პაპუაშვილის მიერ მოყვანილი პროგრამები იწყება, ნეტგაზეთმა ინფორმაცია ცესკოსგან გამოითხოვა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ნეტგაზეთმა ცესკოსგან ინფორმაცია მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წელს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი“ (CEPPS) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასერვერო ინფრასტრუქტურის (კომიუტერული ტექნიკა, პროგრამები, ინფრასტრუქტურა) მოწყობის პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 1 693 811.60 აშშ დოლარი იყო.
ცესკოსგან მიღებული ინფორმაციაც ადასტურებს, რომ USAID-ის პროგრამები, რომლითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მანიპულირებენ, არამხოლოდ 2024 წლის არჩევნების პერიოდის, არამედ რამდენიმე წლიანი იყო და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, სახელმწიფო უწყებების დაფინანსებაზეც იყო მიმართული.