ახალი ამბები

“ოცნება” აღიარებად აფასებს სამნიძის განცხადებას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე

25 ოქტომბერი, 2023 • 1675
“ოცნება” აღიარებად აფასებს სამნიძის განცხადებას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე

„ქართული ოცნება“ აღიარებად აფასებს დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადებას ითხოვს. ხათუნა სამნიძის განცხადება არ დაადასტურეს არც ოპოზიციაში და არც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

რა თქვა სამნიძემ?

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადებაზე საუბრობენ 2024 წლის არჩევნების შემდეგ.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ გზავნილები არ არის ერთმნიშვნელოვანი, მათ შორის ოპოზიციიდან. არის „ქართული ოცნება“, რომელიც ამ პროცესში მთლიანად მავნებლობს, და ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ თურმე უნდა გადავადდეს გადაწყვეტილების მიღება და არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. ამას აკეთებენ ჩვენი კოლეგები. ვისაც ასეთი პოზიცია აქვს — თვლის, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან. პირველ რიგში, შეწყვიტონ ეს ამბავი“, — განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, სამნიძე არ ასახელებს იმ პირთა ვინაობას, ვინც პარტნიორებს სტატუსის გადავადებას მოუწოდებს.

„ჩემი საქმე არ არის კონკრეტულად ადამიანების დასახელება, ვინც სხვა ტიპის გზავნილებს უზიარებს პარტნიორებს. ჩემი საქმეა, ვისაუბრო და მივმართო ჩემს კოლეგებს. თავად იციან, ვინ აკეთებს ამას, რომ ეს შევწყვიტოთ და გავაგრძელოთ ერთიანი გზავნილით პოზიციონირება. არ ვაპირებ, სახელებსა და გვარებზე ვილაპარაკო“, — განაცხადა სამნიძემ.

კითხვაზე, ხომ არ უწყობს ხელს მისი განცხადებები „ქართული ოცნების“ გზავნილების გაძლიერებას, რომ ოპოზიცია ხელს უშლის სტატუსის მიღებას, სამნიძემ უპასუხა, რომ „ოცნების“ პროპაგანდის მოლოდინში არ გაჩუმდება და არ დამალავს სიმართლეს.

სამნიძის მიერ გახმიანებული ინფორმაცია დაადასტურა „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, როცა კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს ახმიანებს.

„როდესაც პარტნიორებმა მოგვმართეს და მათთან ვსაუბრობდით, მე და ხათუნა სამნიძე ერთად ვიყავით“, — თქვა დეკანოიძემ.

„ოცნების“ გამოხმაურება

„ქართული ოცნება“ დიდი ხანია ოპოზიციას აბრალებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობას. ხათუნა სამნიძის განცხადება ხელისუფლებაში აღიარებად შეაფასეს. მმართველი გუნდის ლიდერების მტკიცებით, სტატუსის მიღების წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად,, „ლელო“ და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ლობირებენ.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ხათუნა სამნიძე კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა, კერძოდ, ეს არის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია. ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არა მარტო ევროპაში, ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, ის პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. იგივე ვითარება იყო, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში დღესაც მოიძებნებიან ისეთი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან და აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები: „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და ნიკა გვარამია“, — განაცხადა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციაში ორი ჯგუფია: ერთი, რომელიც დღემდე იმედოვნებს სტატუსის ჩაშლას და მეორე, რომელიც ჩაძირვისთვის განწირული გემიდან გაქცევას ცდილობს.

„ხათუნა სამნიძეც არ აკლებდა დამაზიანებელ საუბრებს საქართველოსთან დაკავშირებით და შეხვედრების დროს ღიად საუბრობდა იმაზე, თუ როგორი ცუდი ქვეყანა ჰყავს მას და თურმე, საქართველოს სტატუსი მთა-გორისა და მინდორ-ველის გამო რომ უნდა მისცენ. ახლა ხედავენ, რომ ეს გემი იძირება და ცდილობენ, თავს უშველონ”, — დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის პასუხი

„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ მხარს უჭერს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და მოუწოდებს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ამ საქმეში ერთიანი და კოორდინირებული მოქმედებისაკენ.

„არ შეიძლება ზოგადი ,დაუსაბუთებელი საუბარი ფაქტების გარეშე. ბრალდება უნდა მიემართებოდეს „ქართულ ოცნებას“ და თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული. სხვაგვარად მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდის წისქვილზე ვასხამთ წყალს“, — თქვა მან სამნიძის საპასუხოდ.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ განვლილი თვე-ნახევრის განმავლობაში ბრიუსელში და კიდევ 7 ქვეყნის დედაქალაქში იყო კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად და პარტნიორებისგან არ მოუსმენია წუხილი პროდასავლური ოპოზიციის ქმედებაზე.

ნიკა გვარამია ხათუნა სამნიძეს და „ევროოპტიმისტებს“ მიმართავს, დაასახელონ, ვინ, ვისზე და სად უთხრეს, რომ საქართველოდან ვინმე სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება.

„დაიწყო ქართული ოცნების პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა არავისზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და „ოცნების“ პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი. არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ, რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ, რომ „ოცნება“ გამალებით საბოტირებს პროცესს“, — წერს გვარამია.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ ემხრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ახლავე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს. გამონაკლისია „ევროპული საქართველო“, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უსარგებლოდ მიიჩნევს და ნომერ პირველ ამოცანად ხელისუფლების შეცვლას სახავს.

„ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსი არათუ ფარატინა ქაღალდად დარჩება, არამედ შეიძლება გადაიქცეს ხაფანგად ჩვენი ქვეყნის დასავლურ გზაზე“, — განაცხადა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ.

ელჩის კომენტარი

ხათუნა სამნიძის განცხადებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ყველა, ვისაც შეხვედრია, მთავრობის წევრი იქნებოდა ის თუ ოპოზიციის, ძალიან აქტიურად ადვოკატირებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„როგორც ევროკავშირის ელჩს, თბილისში მქონდა შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან, მეცნიერებთან. არავის, ვისაც მე შევხვდი, არ ჰქონია არგუმენტაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა მისცენ“, – განაცხადა პაველ ჰერჩნსკიმ.

ევროკომისია 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს თავის შეფასებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. ევროკომისიის შეფასება იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი, რის მიხედვითაც წლის ბოლოს უკვე საბჭო გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი