ახალი ამბები

ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის და “ქართული ფილმის” დირექტორები დააკავეს

17 აგვისტო, 2010 • • 2386
ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის და “ქართული ფილმის”  დირექტორები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის 16-17 აგვისტოს  ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და ქ.თბილისის პროკურატურის  თანამშრომლების მიერ გატარებული ერთობლივი კომპლექსური, ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი რობერტ  მნაცაკანოვი.

შსს–ს ინფორამციით,  ეცადაშვილმა  და მნაცაკანოვმა საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებში დაცული მე-18, მე–19 საუკუნის წიგნები მიისაკუთრეს. წიგნები ბიბლიოთეკის შტამპით იყო აღნიშნული. დაკავებულები შტამპებს შლიდნენ და წიგნების რეალიზაციას საქართველოსა და უცხოეთში ეწეოდნენ.  

დაკავებულია სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი არჩილ გელოვანიც. ის დანაშაულებრივი გზით  მოპოვებული ნივთების შეძენაშია ეჭვმიტანილი. შსს–ს ცნობით, გელოვანი ბიბლიოთეკის დირექტორისა და რობერტ მნაცაკოვისგან გატაცებულ წიგნებს სისტემატურად ყიდულობდა.

დაკავებულთა ბინები უკვე გაჩხრეკილია. ზურაბ ეცადაშვილის ბინების ჩხრეკისას ამოღებული იქნა ყუთებში დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული 2500–მდე წიგნი. რობერტ  მნაცაკანოვის ბინის ჩხრეკისას 52 აღმოაჩინეს, ხოლო გელოვანის ბინაში სამართალდამცავებმა 41 წიგნს მიაკვლიეს, რომლებიც შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული არქივის  ბიბლიოთეკას ეკუთვნის.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი  და თბილისის მთავარი სამმართველო წინასწარ გამოძიებას  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით აწარმოებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი ორგანიზებულ ქურდობას ეხება და  ექვსიდან ათ წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამავე კოდექსის 186-ე მუხლში კი საუბარი წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა ან გასაღებაზეა. ამ მუხლით ბრალდებული პირი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ხოლო თუკი პიროვნება იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობს, მას ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი