ახალი ამბები

გერმანიის ელჩმა პაპუაშვილს შეახსენა, რომ EU მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება არ არის

20 ოქტომბერი, 2023 • 2981
გერმანიის ელჩმა პაპუაშვილს შეახსენა, რომ EU მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება არ არის

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეახსენა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ევროპის ეკონომიკური გაერთიანება არ არის და მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ღირებულებები.

პაპუაშვილმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოაქვეყნა ევროკავშირის წევრებისა და წევრობის მსურველი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემები, რომლის წყაროც მსოფლიო ბანკია.

ამ მონაცემებში საქართველოს მშპ აღემატება არაერთი კანდიდატი/პოტენციური კანდიდატი ქვეყნის მშპ-ს, მათ შორის, უკრაინასა და მოლდოვას.

2023 წლისთვის საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე შეადგენს 8 164 აშშ დოლარს, უკრაინის — 5 220 აშშ დოლარს, ხოლო მოლდოვის — 6 410 აშშ დოლარს.

„ევროკავშირი, ძირითადად, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა მისი წევრობის წინაპირობაა. ესაა ის, რის გამოც ევროკავშირის წევრობამდე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური სტაბილურობა და გამდიდრება“, — დაწერა პაპუაშვილმა ტვიტერზე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს სერიოზულად უყურებს, რადგან ეს უმნიშვნელოვანეს საკითხად მიაჩნია ევროკავშირის წევრობის გზაზე.

თუმცა გერმანიის ელჩმა პაპუაშვილს შეახსენა, რომ ეკონომიკური ზრდის გარდა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და ა.შ.

მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის შეთანხმებიდან ციტატებიც კი დაუწერა.

„ბატონო სპიკერო, ვეთანხმები საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს, მაგრამ ევროკავშირი არ არის, ძირითადად, ეკონომიკური კავშირი. ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი: „ევროკავშირი ეფუძნება ღირებულებებს… ადამიანის ღირსებას, დემოკრატიას, თანასწორობას, კანონის უზენაესობას და ადამიანთა უფლებებს…“. მუხლი 3. ევროკავშირის მიზანია მშვიდობისა და თავისი ღირებულებების წახალისება, თავისი ხალხის კეთილდღეობა“.

განახლება. 11:56, 21 ოქტომბერი: პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს სოციალურ ქსელშივე უპასუხა, რომ მის მოსაზრებას ეთანხმება და იქვე გამოაქვეყნა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო სამართლის პროექტის“ 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მონაცემები. აღნიშული ინდექსით საქართველოში კანონის უზენაესობა 0.60 ქულით არის შეფასებული (მაქსიმალურია 1 ქულა). შესაბამისად, საქართველოს ამ ინდექსში 140 ქვეყანას შორის 49-ე ადგილი უკავია, რეგიონის 14 ქვეყანას შორის კი — პირველი და უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.

თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ინდექსით, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოიყვანა, საქართველოს პოზიცია წლიდან წლამდე უარესდება. კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო 2015 წელს 29-ე პოზიციაზე იყო და მას შემდეგ მისი ქულა ამ მიმართულებით პერიოდულად უარესდებოდა, უკვე 2022 წლისთვის კი საქართველომ 49-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2023 წლის მონაცმები, ჯერჯერობით, გამოქვეყნებული არ არის.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი