ახალი ამბები

სასამართლოში მასალების დახევის გამო ბრალი სისხლით წარმიდგინეს – ბაია მარგიშვილი

11 თებერვალი, 2026 •
სასამართლოში მასალების დახევის გამო ბრალი სისხლით წარმიდგინეს – ბაია მარგიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ბაია მარგიშვილი, რომელიც აქამდე ორჯერ იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში, აცხადებს, რომ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს. მუხლი ითვალისწინებს  2 წლამდე პატიმრობას. 

საუბარია 2025 წლის 7 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელზეც მარგიშვილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მარგიშვილის თქმით, პროცესის მიმდინარეობის დროს სხდომის ოქმი დახია:

“ამით ვაჩვენე მოსამართლეს, როგორ გადაგვახია კონსტიტუცია კობახიძემ”, – ამბობს ის. ამის შემდეგ მოსამართლემ ის საკუთარი პროცესიდან გააძევა და დაუსწრებლად  შეუფარდა 14 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. 

მარგიშვილის თქმით, სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიწყო ამჯერად სისხლის სამართლის გამოძიება ამ ფაქტიდან 4 თვის შემდეგ. მას მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებიან. 

მარგიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ჯერ არ ჩაჰბარებია ბრალის დადგენილება, რომელიც დაუსწრებლად წარუდგინეს,   და საქმის აღძვრის შესახებ მოულოდნელად შეიტყო: 

“დავრეკე პროკურატურაში ჩემს შეტანილ საჩივართან დაკავშირებით, სადაც გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული მოსამართლე ცეკვავას შეურაცხყოფის ბრალდებით”, – ამბობს ის. 

ეს არაა პირველი შემტხვევა, როცა მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით პროკურატურა სისხლისსამართლებრივ გამოძიებას იწყებს – სამშაბათს, 10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ახალი ბრალი წარუდგინეს პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ნიკა მელიას – გამოძიება მას მოსამართლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. 

ორივე შემთხვევაში საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლზე [სასამართლოს უპატივცემულობა], რომელიც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი