ახალი ამბები

ონში პროტესტის მონაწილეებისა და ხელისუფლების შეხვედრა ჩაიშალა

19 ოქტომბერი, 2023 • 930
ონში პროტესტის მონაწილეებისა და ხელისუფლების შეხვედრა ჩაიშალა

ონის საკრებულოში არ შედგა დაგეგმილი შეხვედრა რიონის ხეობის მოძრაობის წევრებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის.

ამის შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან გზის გადასაკეტად ჯერ ხიდისკენ (ონში შემავალ სამანქანო გზაზე) გადაინაცვლეს, იქიდან კი, შენობის პიკეტირების მიზნით, ონის მერიასთან.

“აქ [ხიდზე] თუ დავრჩებით, მოსახლეობასთან მოგვიწევს ძიძგილაობა და ამით ისევ პოლიცია სარგებლობს. გადავინაცვლოთ მერიასთან, რომელსაც ბუტაფორიული შინაარსი აქვს და არ ასრულებს ხალხის ნებას. შენობა ვეღარ იფუნქციონირებს”, – გადაკეტილ გზაზე მიმართა პროტესტის მონაწილეებს ვარლამ გოლეთიანმა.

მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და ადგილობრივები დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის განკარგვის ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ. 16 ოქტომბერს, თითქმის მთელი დღის მანძილზე მიმდინარე აქციის, გზის გადაკეტვისა და პოლიციასთან არაერთი შეხლა-შემოხლის, პროტესტის მონაწილეთა რამდენიმესაათიანი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, მათთან მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მივიდა და სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაინიშნა.

თავდაპირველად შეხვედრა ონის საკრებულოში 20 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო, მაგრამ ერთი დღით გადმოიწია. დღეს, 19 ოქტომბერს კი, უკანასკნელ მომენტში, ხელისუფლებამ უარი თქვა შეხვედრის სოციალური ქსელით პირდაპირი ეთერით გაშვებაზე.

არც მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და არც სამინისტროს წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეებთან, მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მოსალაპარაკებლად არ გამოსულან. მათ მიერ გამოგზავნილი შუამავალი პროტესტის მონაწილეებთან ყოველი გამოჩენისას იმეორებდა, რომ შეხვედრის გადაღება შესაძლებელი იყო, მაგრამ პირდაპირ ეთერში გასვლა – არა. ამას კი ხსნიდა იმით, რომ შეხვედრა ასე უფრო მშვიდად ჩაივლიდა.

პროტესტის მონაწილეებმა კატეგორიული უარი თქვეს პირდაპირი ეთერის გარეშე შეხვედრის გამართვაზე. მათ ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევა პირობის დარღვევად და შეხვედრის ჩაშლად შეაფასეს.

რაჭის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ეთო არსანიძის ინფორმაციით, ხელისუფლება “ქურდულად გაიპარა” ქალაქიდან მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეები ონში შემავალი ხიდის გადაკეტვას ცდილობდნენ. პოლიციამ, რომელმაც არსანიძის თქმით “ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა”, აქციის მონაწილეები გვერდით გაწია. ამ დროს მხარის რწმუნებულის, პაპუნა მარგველძის მანქანამ ონი დატოვა.

ამ დროისთვის პროტესტის მონაწილეები მერიის შენობასთან არიან შეკრებილი, სადაც  ხიდაშელის კომპანიისთვის ტყეების გადაცემას ადგილობრივები და მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” 27 სექტემბრიდან აპროტესტებენ. რაჭის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი რაჭველებსა და რაჭაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ პროტესტს შეუერთდნენ. 17:30 საათისთვის პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიცია ცდილობს აიძულოს ხალხი, რომ მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიწიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი