ახალი ამბები

პროტესტმა შედეგი გამოიღო – სოფელ მუხრანში სატვირთოებისთვის მოძრაობის ამკრძალავი ნიშანი განთავსდა

18 ოქტომბერი, 2023 • 1232
პროტესტმა შედეგი გამოიღო – სოფელ მუხრანში სატვირთოებისთვის მოძრაობის ამკრძალავი ნიშანი განთავსდა
  • Მუხრანის საინიციატივო ჯგუფის წევრების პროტესტის შემდეგ სოფლის  ცენტრალურ გზაზე სატვირთოებისთვის (8 ტონის მითითებით) მოძრაობა აიკრძალა. საპატრულო პოლიციამ არაერთი სატვირთოს მძღოლი იმ დღესვე  დააჯარიმა.

მდინარე ქსნის ტერიტორიაზე, სოფელ მუხრანის გავლით, საშენ მასალას რამდენიმე კომპანია აწარმოებს და მოპოვებული ნედლეულის გასატანად მძღოლები სოფლის ცენტრალურ, მოასფალტებულ გზას იყენებენ, ნაცვლად სპეციალურად მათთვის გამოყოფილი გრუნტის გზისა. 

Სოფლის გზაზე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას ადგილობრივები გასული წლის შემდეგ ითხოვდნენ, რადგან სატვირთოების გადაადგილება აზიანებს გზას და სახლებს, ასევე საფრთხეში აგდებს მოსწავლეებს, რადგან სატვირთოები სკოლასთან ახლოს მოძრაობენ. 

თუმცა, სანამ სოფელში საპროტესტო პლაკატები არ გამოაკრეს და საკითხით მედია არ დაინტერესდა, პოლიცია ადგილობრივებს არ გამოეხმაურა.

null

ამკრძალავი ნიშნების განთავსების შესახებ პოზიციის დასაფიქსირებლად გზების დეპარტამენტმა მცხეთის პოლიციას ჯერ კიდევ დეკემბერში მიმართა, თუმცა, რამდენიმე მიმართვის მიუხედავად, მათგან პასუხი ამ დრომდე არ ჰქონდათ მიღებული.

Ნეტგაზეთი 19 სექტემბრიდან  ცდილობდა შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომლისგან, რომელიც მცხეთას კურირებს,  მიეღო ინფორმაცია, თუ რატომ არ იყო ამკრძალავი საგზაო ნიშანი განთავსებული. ის თავდაპირველად დეტალების გარკვევას დაგვპირდა, თუმცა შემდეგ დღეებში ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა.

უკვე 21 სექტემბერს მუხრანის საინიციატივო ჯგუფმა მცხეთის პოლიციიდან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც, პოლიციამ გზაზე ამკრძალავი ნიშნების განთავსებაზე გზების დეპარტამენტს თანხმობა მისცა.

მუხრანის საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლის, გვანცა კაკაურიძის განცხადებით, ამკრძალავი ნიშნები სოფელში 14 ოქტომბერს განთავსდა.

ამკრძალავი ნიშანი სოფელში

მოძრაობა აიკრძალა, როგორ გაკონტროლდება წესის დაცვა?

როგორც გვანცა კაკაურიძე გვიყვება, ნიშნების განთავსების დღეს პოლიცია სოფლის ცენტრში პატრულირებდა და რამდენიმე სატვირთო ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს კიდეც. თუმცა, მისი ინფორმაციით, მომდევნო დღეს პატრული აღარ გამოჩენილა:

“კვირას დილიდანვე დაიწყეს სატვირთოებმა მოძრაობა, მაგრამ ცენტრში აღარ იდგა საპატრულო პოლიცია, არ პატრულირებდნენ. პოლიცია ჯერჯერობით ისე არ აკონტროლებს, რომ მათი მოძრაობა სრულიად შეწყდეს.  ვაპირებ, მივმართო მცხეთის პოლიციას და გავიგო, როგორ აპირებენ აღსრულებას: ჩვენ უნდა დავრეკოთ ხოლმე, თუ რა იქნება“,  – ამბობს გვანცა კაკაურიძე.

Როგორ გაკონტროლდება მოძრაობის წესების დარღვევა? ამ კითხით “ნეტგაზეთმა” შს სამინსიტროს პრესსამსახურს 16 ოქტომბერს მიმართა. სტატიას მათი პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ.


სტატია მომზადებულია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი