ახალი ამბებიეკონომიკა

უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები მკაცრდება მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ

18 ოქტომბერი, 2023 • 10782
უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები მკაცრდება მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში სესხის აღების მსურველთათვის (ლაპარაკია ადამიანებზე, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს) მინიმალური ოდენობა 300 000 ლარამდე გაიზრდება. აქამდე ქვედა ზღვარი 200 000 ლარი იყო.

ცვლილება ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა.

ამასთან, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ადამაინები სესხის აღებას იმავე ვალუტაში შეძლებენ, რაშიც შემოსავალი აქვთ. ესეც სიახლეა. ეს ნიშნავს, რომ მათ, ვისაც შემოსავალი პირობითად ევროში აქვთ, ევროში სესხის აღება ყოვლეგვარი დათქმების და ქვედა ზღვრის გარეშე შეეძლებათ. აქამდე უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე პირებიც ვერ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში სესხს, თუ ჯამური თანხა 200 000 ლარის ეკვივალანეტს არ აღემატებოდა.

„სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები.

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილისა და რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის პირობებში. დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში“, — აცხადებენ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში.

გადაწყვეტილება განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

„უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ვისაც ახალი წლიდან ექნებათ სურვილი, აიღონ სესხი და მათი ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდე იქნება, შესაძლებლობა ექნებათ სესხი აიღონ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვთ შემოსავალი და ამით მათი მოწყვლადობა სავალუტო რისკების მიმართ შემცირდება“ ,— განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, ცვლილებები შეეხება იმ პირებს, რომელთა ოჯახის წევრები არიან ემიგრანტები და შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ასევე, მეზღვაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულებსა და სხვა პირებს, ვისაც ძირითადი შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში, ხოლო შეზღუდვის გამო ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2023 წლის 29 ნოემბერს გაიმართება.

აღნიშნულ ცვლილებამდე, უცხოურ ვალუტაში სესხის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ კრედიტის თანხა 200 000 ლარს (ეკვივალენტს შესაბამის ვალუტაში) აღემატებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი