ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ანტისაჰაერო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვაზე

17 ოქტომბერი, 2023 • 1116
თავდაცვის მინისტრი ანტისაჰაერო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვაზე

„ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მიმდინარეობს ძველი საბჭოთა პერიოდის ტექნიკის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტექნიკით ჩანაცვლება და აქცენტი კეთდება ნატოს სტანდარტების შეიარაღების შესყიდვაზე.

„როგორც წარსულმა გამოცდილებამ და თანამედროვე ომის სპეციფიკამ დაგვანახა, სამხედრო დაპირისპირების დროს, თავდაცვითი ამოცანების შესრულებისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ამ კომპონენტის გაძლიერება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, — განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, 2022 წელს დასრულდა „რაფაელის“ წარმოებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოდერნიზება და გაფორმდა ხელშეკრულება დამატებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის (სპაიდერი) შესყიდვაზე, ხოლო ნატოს წევრ ქვეყანასთან ფინალურ ეტაპზეა სახელშეკრულებო მოლაპარაკებები ხელით გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე.

ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, ბურჭულაძის ცნობით, ნაბიჯები იდგმება ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა „ჯაველინების“ ორ პარტიად შესყიდვის პროცესი და მიმდინარეობს „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დამატებითი რაოდენობის შესყიდვა. მისი თქმით, გერმანიასა და ესპანეთთან გაფორმებულია ხელშეკრულებები ხელის ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობის შესყიდვაზე, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ მხარესთან ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მულტიფუნქციური სისტემების შეძენაზე.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ მომავალში მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისა და შორი მანძილის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძენად.

მინისტრმა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების პროექტზეც ისაუბრა.

„წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ გვექნება ეროვნული წარმოების დრონები, შექმნილი „დელტას“ მიერ „დელტა-ვებეს“ ბაზაზე. ეროვნული წარმოების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ წამყვანი ქვეყნების მწარმოებლებიდან მაღალტექნოლოგიური საშუალებების შეძენას“, — დასძინა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი