ახალი ამბები

ირანის ელჩი საქართველოში პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებას ითხოვს

17 ოქტომბერი, 2023 • 1512
ირანის ელჩი საქართველოში პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებას ითხოვს

ირანის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლის შესაძლებლობას სთხოვს.

“დიპლომატიისა და სამართლიანობის სულისკვეთებით, ოფიციალურად ვითხოვ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსგან, უზრუნველყოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიმართვის თანაბარი შესაძლებლობა. ისრაელის რეჟიმის ელჩის ცრუ ბრალდებების შემდეგ აუცილებელია, განვმარტოთ ჩვენი პოზიცია”, – წერს მაჰმუდ ადიბი  პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ საქართველოს პარლამენტში შეხვედრები 10 და 12 ოქტომბერს გამართა. 1 ოქტომბერს მეიცადი შალვა პაპუაშვილს შეხვდა, 12 ოქტომბერს კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოუსმინა. კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  მეიცადიმ განაცხადა, რომ “ჰამასს” შეიარაღებას ირანი აწვდის. ისრაელის ელჩმა ირანს დააკისრა პასუხისმგებლობა “ჰამასის” მებრძოლების გაწვრთნაზე და  “ადამიანის მკვლელი უნარების” განვითარებაზე.

“ჰამასი” ვერ განახორციელებდა ამ თავდასხმას ირანის დაფინანსების, ლოჯისტიკურის მხარდაჭერის თუ სხვა ხელშეწყობის გარეშე. ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია “ჰამასის” შესაძლებლობებზე და იმაზე, როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს”, – განაცხადა ჰადას მეიცადიმ.

ირანის ელჩმა, მაჰმუდ ადიბიმ პლატფორმა X-ზე ჰადას მეიცადის განცხადება “ცრუ ბრალდებებად” შეაფასა.

“ირანი მხარს უჭერს პალესტინას, მაგრამ არ არის ჩართული საპასუხო მოქმედებებში, ამ ქმედებებზე პასუხისმგებლები მხოლოდ პალესტინელები არიან”, – განმარტა მაჰუდ ადიბიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი