ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია.
საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას პარლამენტში უნდა მოჰყვეს კენჭისყრა პრეზიდენტის იმპიჩმენტის [გადაყენების] თაობაზე. თუმცა, „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ზურაბიშვილს უჩივლა, არ აქვს ამისთვის საჭირო 100 დეპუტატის ხმა.
„ტრაგიკომიკური სიტუაცია“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი „ტრაგიკომიკურად“ აფასებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მათ „რუსული შოუს“ გაგრძელებად აფასებს.
„საკონსტიტუციო სასამართლო დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ოღონდ სიტუაცია ერთგვარად ტრაგიკომიკურია, თვითონ დააკომპლექტეს სასამართლო, თვითონ დაწერეს კონსტიტუცია, თვითონ აირჩიეს ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი ვიზიტი ბრიუსელში და ამის გამო ცდილობენ, რომ მოახდინონ ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ამ თანამდებობიდან. ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ, პრეზიდენტი რომ წასულიყო მოსკოვში ვიზიტით, ლავროვის მოწვევით, გაბედავდა კი „ოცნება“ , თუ მასთან შეთანხმებული არ იქნებოდა, ამ შემთხვევაში წამოეწყო იმპიჩმენტის პროცედურა?“, – ნათქვამია ენმ-ის პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.
„ნაკარნახევი რუსეთის მხრიდან“
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი „ნაკარნახევია რუსეთის მხრიდან“, ხოლო მმართველი პარტიის პოლიტიკა „ეფუძნება პუტინის ინსტრუქციებს“. მისი შეფასებით, „ოცნებას“ სურს მიაყენოს დარტყმა ინსტიტუტს, რომელსაც ვერ აკონტროლებს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ მმართველი პარტიის სურვილი შეასრულა.
„ქართული ოცნების ეს მცდელობა ემსახურება, ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილს იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან და კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – ამბობს ჯაფარიძე.
„ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შეფასებით, იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის მიღების „პირდაპირი საბოტაჟია“.
„ანტიდასავლური ქმედება“
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის პროცესი „ანტიდასავლური ქმედებაა“. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში, „ირაკლი კობახიძის რეპუტაცია, ღირსება, დიდი კონსტიტუციონალისტობა, დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ“, რაც არ მოხდებოდა.
„სხვა მიზანია – რომ კანდიდატის სტატუსის [მიღების პერსპექტივის] დაზიანება მოხდეს და ფარსი გაგრძელდეს, რასაც ვნახავთ პარლამენტში“, – უთხრა მან „მთავარ არხს“.
მანჯგალაძის თქმითვე, არ ფიქრობს, რომ „ოცნება“ მოახერხებს 100 ხმის შეგროვებას პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.
„მთავარი ამოცანაა, 100 ხმა ვერ შეაგროვონ“
პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, ხოლო მთავარი ამოცანა ახლა ისაა, „ოცნებამ“ ვერ შეაგროვოს იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 პარლამენტარის ხმა. მისივე შეფასებით, მმართველ პარტიაში სურთ, დაიქვემდებარონ პრეზიდენტის ინსტიტუტიც.
„სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას“
დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაუძლო „ქართული ოცნების“ ზეწოლას. იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის შეგროვებაში მას ეჭვი ეპარება.
აქუბარდიას პოზიციას ხმების შეგროვებასთან დაკავშირებით იზიარებს ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძეც. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას კი „ანტისახელმწიფოებრივად და გაუმართლებლად“ აფასებს. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა „გაახარა რუსეთი და დაიკმაყოფილა ბოღმა [ზურაბიშვილის მიმართ]“.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 16 ოქტომბერს, გამოცხადდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასკვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.