ახალი ამბები

„ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება“ – ბაიდენი

16 ოქტომბერი, 2023 •
„ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება“ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ოკუპაცია „დიდი შეცდომა“ იქნება. ამის შესახებ მან „სი-ბი-ეს“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს [ღაზის ოკუპაცია] დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, „ჰამასი“ და ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენენ ყველა პალესტინელს და მგონია, რომ შეცდომა იქნება ისრაელის მიერ ღაზის კიდევ ერთხელ ოკუპაცია.“, – თქვა მან ჟურნალისტ სკოტ პელისთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, „ჰამასის“ სრული განადგურებაა აუცილებელი, თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია, გამოინახოს გზა პალესტინელთა სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის. კითხვას, უნდა განადგურდეს თუ არა „ჰამასი“, ბაიდენმა ასე უპასუხა:

„დიახ, ასე მგონია. მაგრამ უნდა იყოს პალესტინელთა ავტონომია. უნდა გამინახოს გზა პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის. გზა, რომელსაც „ორი სახელმწიფოს შექმნა“ ეწოდება, ათწლეულობია  აშშ-ის პოლიტიკაა. ეს გზა  ისრაელის გვერდით შექმნიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს 5 მილიონი პალესტინელისთვის, მათთვის, ვინც ღაზაში და მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს“.

პრეზიდენტს აგრეთვე ჰკითხეს, რამდენად იქნება ისრაელი თანახმა პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნაზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ. ბაიდენმა უპასუხა, რომ „ახლა არა“, თუმცა, მისი რწმენით, „ისრაელს ესმის, რომ პალესტინელთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ იზიარებს „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ შეხედულებებს“.


7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა [„ცაჰალი“] დაიწყეს ღაზის სექტორის დაბომბვა და უკანასკნელი ცნობებით, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან. ამ ეტაპზე ცნობილია 2670-ზე მეტ დაღუპულ პალესტინელზე. 1400-ზე მეტი პირი დაიღუპა ისრაელში. „ცაჰალმა“ მოუწოდა ჩრდილოეთ ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს, ტერიტორიის სამხრეთში გადავიდნენ, რათა სამხედრო ოპერაციების არეალში არ მოყვნენ.

ღაზის სექტორი მცირე, დაახლოებით თბილისის ფართობის ნახევარი ტერიტორიაა, რომელშიც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორია ხმელეთიდან სრულ ბლოკადაშია. ერთადერთი გასასვლელი ღაზადან ეგვიპტის საზღვარზეა, თუმცა იქ მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ვერ ახერხებს სათანადოდ ოპერირებას დაბომბვის გამო. ჩვეულ რეჟიმშიც ამ პუნქტზე საჭირო იყო გადასვლისთვის სპეციალური ნებართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი