ახალი ამბები

პრეზიდენტს თავდაცვის კოდექსზე შენიშვნები აქვს, თუმცა მას ხელი მოაწერა

12 ოქტომბერი, 2023 • 1405
პრეზიდენტს თავდაცვის კოდექსზე შენიშვნები აქვს, თუმცა მას ხელი მოაწერა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს.

როგორც პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ განაცხადა, ხარვეზების მიუხედავად, კოდექსი აწესრიგებს ერთ-ერთ, საზოგადოებისთვის ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას — ამიერიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს.

„ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა. ამავე ტექსტში გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი“, — განაცხადა თევზაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

მან ასევე დამაფიქრებელი უწოდა, რომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედად არის დარჩენილი.

„დაბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას“, — დასძინა დავით თევზაძემ.

პარლამენტმა დაამტკიცა ახალი თავდაცვის კოდექსი. თანმდევი კანონპროექტებით, ის აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ახალი თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლიდან სავალდებულო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოუწევთ.

ამას გარდა, ახალი თავდაცვის კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალაში შედის ცვლილება, რომლითაც „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად აღარ ჩაითვლება და არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს მოუწევთ სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა.

თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.

ახალი თავდაცვის კოდექსით, წვევამდელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის 1 წლით გადავადებისთვის 5 000 ლარის გადახდა მოუწევს. პირს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავადების უფლებით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთხელ 25 წლის ასაკამდე.

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი