ახალი ამბები

პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა

11 ოქტომბერი, 2023 • 10356
პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისათვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო, ზოგადად, ნიკოს თაობას გადაეცემა.

„მე, როგორც პრეზიდენტს, არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ თუ ასე დამთავრდა ყველაფერი, ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, რომ ეს ჩემ მიერ ბოლოჯერ გადაცემული ჯილდო იქნება — ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანის და თაობისთვის“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ნიკო კვარაცხელია უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი და „ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არაა ერთ ადგილას, რომ არ მოძრაობდეს და არ ხედავდეს მსოფლიოს“.

„ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ. ჩაკეტილობა არასოდეს იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასოდეს იქნება ასე.
დიდი იმედი მაქვს, ახალგაზრდები მაინც ჩათვლიან, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა, რომ მათთვის აქ არის პერსპექტივა, რომ არ ჩაიქნევენ ხელს და არ იფიქრებენ, რომ სხვაგან და მხოლოდ სხვაგან უნდა გამონახონ ახალი პერსპექტივა. ამ ქვეყანას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

22 წლის ნიკა კვარაცხელია 2021 წელს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი