ახალი ამბები

ოჩამჩირეში რუსული ბაზის წინააღმდეგ ოპოზიცია პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს

9 ოქტომბერი, 2023 • 1269
ოჩამჩირეში რუსული ბაზის წინააღმდეგ ოპოზიცია პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა.

რეზოლუციის ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია არიან.

რეზოლუციის პროექტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართო რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ცივილიზებულ სამყაროს, შეაკავოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, დადგეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის სადარაჯოზე.

ასევე, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება და საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“. ამასთან, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − დეოკუპაცია;

რეზოლუციის პროექტი, ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის მუდმივი განთავსების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გაზრდილი რისკების შესამცირებლად და რუსეთის აგრესიული ქმედების საპასუხოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკურ არენაზე.

რეზოლუციის პროექტი ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობარ სახელმწიფოებს, დაიკავონ მტკიცე, ერთიანი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის, მილიტარიზაციის და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიული, უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარებისთვის და ასევე ხელს შეუწყობს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.

ასევე, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეყრდნოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში−რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი.

რეზოლუციის პროექტით, დადასტურებულია მზადყოფნა, გააგრძელოს ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოახდინოს ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად.


ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.

ბჟანიას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი