ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტელმა პოლიციელმა ისრაელელ ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა ხმელთაშუა ზღვის ქალაქ ალექსანდრიაში, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე ორი ისრაელელი და ერთი ეგვიპტელი.
ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშეიტედ პრესი“ ავრცელებს.
სატელევიზიო არხი Extra News, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ეგვიპტის უსაფრთხოების სააგენტოებთან, ციტირებს ანონიმ უშიშროების მოხელეს, რომელიც ამბობს, რომ თავდასხმის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.
მისივე ცნობით, თავდასხმა მოხდა ალექსანდრიაში, პომპეუსის სვეტის ადგილას და ეჭვმიტანილი დააკავეს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია სულ მცირე სამი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლებსაც, როგორც ჩანს, დაზარალებულებს საავადმყოფოებში გადაჰყავდა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია ეგვიპტეში ისრაელის ორი მოქალაქის მოკვლის შესახებ.
უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ისრაელის საწინააღმდეგო განწყობებს ეგვიპტეში იმ ფონზე, როდესაც გუშინ, „ჰამასი“ მოულოდნელად შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე.