ახალი ამბებისაზოგადოება

თავდასხმა ისრაელზე, დღე 2 – განახლებადი

8 ოქტომბერი, 2023 • 4241
თავდასხმა ისრაელზე, დღე 2 – განახლებადი

აღნიშული მასალა არ განახლდება. 9 ოქტომბრის მოვლენათა ქრონოლოგიის სანახავად გადადით ბმულზე:

ასევე ნახეთ:

რა ხდება

  • ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დაიწყო „ხანგრძლივი და რთული“ ომი. ოპერაციას ისრაელმა „რკინის მახვილი“ უწოდა.
  • ისრაელმა ღაზას სექტორის მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ განადგურებაა.
  • აღნიშნულს წინ უძღოდა 7 ოქტომბერს, გამთენიისას, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლების მხრიდან ისრაელზე მასშტაბური და მოულოდნელი შეტევის დაწყება – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები და შეიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე.
  • „ჰამასის“ მებრძოლებმა დახორცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
  • ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს, დაჭრილია 1800-ზე მეტი პირი, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები.
  • მსხვერპლი მოჰყვა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიშებს. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 400 პალესტინელი და დაშავებულია 2 000.

ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ 8 ოქტომბერს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით გაგაცნობთ. ცნობების განსაახლებლად გადატვირთეთ [დაარეფრეშეთ] გვერდი.

23:55 — ისრაელისა და პალესტინის ელჩებმა გაეროში განცხადებები გააკეთეს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის დაწყებამდე. „ჰოლოკოსტის შემდეგ მსოფლიომ დაიფიცა: „აღარასდროს“. ეს ორგანო, გაერო, შეიქმნა ჰოლოკოსტის ფერფლზე. თუმცა გუშინ ჩვენ ვუყურებდით, როგორ ხოცავდნენ ასობით ებრაელს ცივსისხლიანად. ეს არის „აღარასოდეს“ დადასტურების მომენტი“, — განაცხადა გილად ერდანმა უშიშროების საბჭოს „ჰამასის“ ომის დანაშაულების დაგმობა და ისრაელის თავდაცვის უფლების სრული მხარდაჭერა მოსთხოვა.

პალესტინის ელჩმა რიად მანსურმა კი გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ განცხადებები „თავდაცვის უფლების შესახებ“ ისრაელის მთავრობის მიერ შეიძლება განიმარტოს, როგორც „მკვლელობის ლიცენზია“. მან მოითხოვა არაბული სახელმწიფოების ლიგის (LAS) საგანგებო შეხვედრა კაიროში უახლოეს დღეებში.

23: 43 – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაეხმაროს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის შეჩერებას და დაძაბულობის შემცირებას, რომელიც ბოლო მოვლენებთან ერთად გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მიუხედავად მისი ქვეყნის სოლიდარობისა „პალესტინელი ძმებისადმი“, თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც  გამოიწვევს სისხლისღვრას და გააღრმავებს პრობლემებს.

23:40 – სულ მცირე 260 ცხედარი იპოვეს ისრაელში, მუსიკალური ფესტივალის ადგილზე, სადაც შაბათს „ჰამასის“ თავდასხმა მოხდა.

22:33 – ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა, 2300 დაიჭრა. უახლესი ოფიციალური მონაცემი ისრაელის მხარეს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ 600-ია, თუმცა არსებობს ცნობები, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია.

22: 30 – გაეროს სააგენტოს (UNRWA) ცნობით, ღაზას 74,000 მაცხოვრებელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი და ახლა იმყოფება UNRWA-ს 64 თავშესაფარში. „მათი რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება მძიმე დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების გაგრძელების შედეგად, მათ შორის სამოქალაქო ტერიტორიებზე“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

22: 23 – აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს საზღვაო ძალების დამრტყმელი ჯგუფი მიემართება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ, „რეგიონული შეკავების ძალისხმევის გასაძლიერებლად“.

21:45 — სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს დაკრძალვის ფოტოებს რაფადან/ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილი. ფოტოებში ჩანს თეთრ ზეწრებში გახვეული სულ მცირე 13 ნეშტი, რომელთაგან რამდენიმე ბავშვისაა.

18:55ჩინეთმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა „პალესტინასა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო“ და განაცხადა, რომ კონფლიქტიდან გამოსვლის ფუნდამენტური გზა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაში მდგომარეობაში.

18:43 – აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, მიღებულია ინფორმაცია რამდენიმე ამერიკელის დაღუპვის შესახებ ისრაელში. ოფიციალური პირები ცდილობენ, ეს ინფორმაცია გადაამოწმონ.

18: 30 — ისრაელის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა.

17:00 — ბოლო მოვლენების შემდეგ, ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტულია ორგანიზაცია „ჰამასისა“ და ისლამური „ჯიჰადის“ (PIJ) ლიდერებს ესაუბრა. საუბრის დეტალები არ გახმაურებულა. 

16:05 — ადგილობრივი მედიის ცნობით, 500-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ შაბათს ისრაელზე დიდი თავდასხმა წამოიწყო.

15:20 — ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ რამდენიმე საათში გამოაქვეყნებენ ისრაელელი ტყვეების რაოდენობას.

14: 45ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის უკრაინის ორი მოქალაქეა. 

13:45ისრაელის საელჩომ დიდ ბრიტანეთში დაადასტურა, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეიკ მარლოუ დაკარგულია — ის დაცვის თანამშრომლად მუშაობდა ღაზას საზღვართან, ცეკვის ფესტივალზე, როდესაც თავდასხმა მოხდა.

12:35 — ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაიბრუნეს კონტროლი სამხრეთით მდებარე 22 ლოკაციაზე, სადაც „ჰამასი“ შეიჭრა, მაგრამ ჯერ კიდევ აგრძელებენ ბრძოლებს რვა ლოკაციაზე.

11:58 – ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს „ჰამასის“ დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კუთვნილ ნაგებობებს.

09:45 — „ჰამასის“ მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც, მათივე ცნობით, აღბეჭდილია მცირე ასაკის ისრაელელი ბავშვი — ის გუშინდელი თავდასხმისას ჩაიგდეს ხელში. ვიდეოში ჩანს, მას თანატოლები როგორ დამამცირებლად ექცევიან, ურტყამენ წკეპლას.

„ჰამასის“ თქმით, მათ ტყვედ იმაზე მეტი ადამიანი ჩაიგდეს, ვიდრე ეს ისრაელს წარმოუდგენია. როგორც ისინი აცხადებენ, ისრაელელ ტყვეებს მთელ ღაზას სექტორში, მოსახლეობაში გადაანაწილებენ და თუ ისრაელი დააპირებს მათზე შეტევას, ამას დატყვევებული მოქალაქეებიც იგრძნობენ.

დატყვევებულთა შორისაა 34 წლის დორონ აშერი, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად „ჰამასელებმა“ გაიტაცეს. ის ქმარმა ამოიცნო ტყვეების ვიდეოზე, რომელიც ღაზადან გავრცელდა.

დორონ აშერი და მისი შვილები

09:37 — იდენტიფიცირებულია „ჰამასის“ მებრძოლების მოკლული ერთი ქალი — ის გერმანიის მოქალაქე 30 წლის შანი ლოუკია. ის ისრაელში მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, რა დროსაც „ჰამასი“ შეიჭრა. მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი დახოცეს, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, ნაწილი კი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს.

თავდასხმიდან მალევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ქალის უსიცოცხლო, ნახევრად შიშველი სხეული როგორ არის მოთავსებული „ჰამასის“ მებრძოლთა ავტომობილის ძარაზე, შეირაღებული პირები მის სხეულს ზემოდან აზიან, ქალს ეტყობა ფიზიკური ძალადობის კვალიც.

შანი ლოუკი მაშინ მოკლეს, როცა ის ისრაელში მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა.

09:20 — როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, გასული ღამის განმავლობაში აქტიურად უტევდნენ „ჰამასს“ ღაზას ტერიტორიაზე. მათივე ცნობით, საჰაერო იერიშის შედეგად გაანადგურეს მრავალსართულიანი შენობები, სადაც „ჰამასის“ ერთ-ერთ მართვის ცენტრი იყო განთავსებული. განადგურებულ ობიექტებს შორისაა „ჰამასის“ იარაღის საწყობები, ასევე ორი ბანკის ფილიალი, რომლის საშუალებითაც ფინანსდებოდა ტერორისტული დაჯგუფება.

ვიდეოზე აღბეჭდილია ისრაელის ავიაიერიში ღაზას სექტორზე.

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ისრაელმა შეიარაღებული მებრძოლებისგან გაწმინდა 29 დასახლება, სადაც ისინი 7 ოქტომბრის დილიდან შეიჭრნენ, ასევე, მათ შეუტიეს 400-ზე მეტ სამიზნეს, გააუვნებელყვეს ასეულობით ტონა საბრძოლო მასალა, აღკვეთეს 100-ზე მეტი მყისიერი საფრთხე და გაანეიტრალეს ასეულობით ჯიჰადისტი.

09:18: – ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არტილერიით ბომბავენ პოზიციებს მეზობელი ლიბანის ტერიტორიაზე, საიდანაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

09:14 — მრავალსაათიანი მცდელობის შემდეგ ისრაელის ძალებმა შეძლეს ისრაელის ქალაქებში — ოფაკიმსა და კიბუც ბეერიში, ორ ადგილზე დატყვევებული მოქალაქეების გათავისუფლება. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეარაღებულმა მებრძოლებმა ადამიანები 7 ოქტომბრის დილას დაატყვევეს და მათი გათავისუფლების ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა. უცნობია, გათავისუფლებულთა რაოდენობა, ასევე მათი მდგომარეობა.

09:00 — ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო დაატყვევეს „ჰამასის“ მებრძოლებმა, თუმცა ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, მათი „რაოდენობა დიდია“.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო სპიკერის, ჯონათან კონრიკუსის ცნობით, დატყვევებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირები. მათი ნაწილი, შესაძლოა, ცოცხალიც არ იყოს.

თავად „ჰამასის“ გავრცელებული ვიდეოებით არაერთი ადამიანის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი.

ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ დატყვევებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ისრაელის ხელისუფლებას ჰგონია.

08:42 — ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკანასკნელი მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაჭრილი და სააავდმყოფოში გადაყვანილია 1864 პირი, მათგან 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 326 — სერიოზულად დაჭრილი, 359-ის მდგომარეობა კი საშუალოა.

821 ადამიანი მსუბუქადაა დაჭრილი, 20 ადამიანს კი ტრამვული სტრესის გამო მკურნალობენ. დამატებით 223 ადამიანს აკვირდებიან.

დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი