ახალი ამბები

ვგმობთ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

7 ოქტომბერი, 2023 • 1310
ვგმობთ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ისრაელის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას უცხადებს. მხარდამჭერი განცხადება სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი თვითერი) გამოაქვეყნა.

“მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც ადამიანის სიცოცხლეები შეიწირა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, — წერს სამინისტრო X-ზე.

7 ოქტომბერს, ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა. შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, უპრეცედენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით.

მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.

2021 წლის ათდღიანი ომის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. ამ დროისთვის ინფორმაცია ვრცელდება სულ მცირე 40 დაღუპულსა და ასობით დაშავებულზე.

შეტევა თითქმის დაემთხვა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის 1973 წელს მომხდარი ომიდან 50 წლისთავს. მაშინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს, ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად, ორი ფრონტიდან შეუტიეს ისრაელს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზანს 1967 წლის 6-დღიანი ომის დროს ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნება წარმოადგენდა. არაბების თავდაპირველი სამხედრო წარმატების შემდეგ ისრაელმა ვითარების თავის სასარგებლოდ შებრუნება შეძლო. ომი 19 დღეში დასრულდა, თუმცა მიიჩნევა, რომ მან გრძელვადიანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს დაუდო სათავე როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ.

“ნეტგაზეთის” არქივიდან:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი